ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შესაბამის სტრუქტურებს არჩევნების პროცესში დაფიქსირებული დარღვევების სწრაფი, გამჭვირვალე და სამართლიანი გამოძიებისკენ მოუწოდებენ. საქართველოს ხელისუფლებას კი დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ, რომელიც ევროინტეგრაციის პრინციპებთან თანხვედრაში იქნება.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისია ნებისმიერი კანონის გაუქმებას ითხოვს, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.
“ევროკავშირი საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენების განვითარებას ახლოდან აკვირდებოდა. ბოლო თვეების განმავლობაში, ქართველმა ხალხმა გამოავლინა მათი კავშირი დემოკრატიულ ღირებულებებთან და მათი ქვეყნის ევროპულ მომავალთან.
ეუთო/ოდირის მიერ ჩატარებული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნებისა და მიგნებების თანახმად, “არჩევნების დღის პროცესები, ძირითადად, კარგად ორგანიზებული და სწორად ადმინისტრირებული იყო, თუმცა გამოიკვეთა დაძაბული გარემო, ხმის დაცულობის ხშირი კომპრომისი და სხვა პროცედურული დარღვევები, ისევე როგორც ცნობები დაშინებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ, რამაც მთლიანი პროცესისადმი ამომრჩევლის ნდობაზე უარყოფითად იმოქმედა. ცნობები ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით კი საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლის შესახებ, კამპანიის განმავლობაში ფართოდ იყო გავრცელებული. ამ ყველაფერმა, არჩევნების დღეს ამომრჩეველთა აქტიურ აღრიცხვასთან ერთად, ამომრჩეველთა შესაძლებლობაზე, შიშისა და სასჯელის გარეშე დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი, კითხვის ნიშნები გააჩინა. გარდა ამისა, დამკვირვებლები სამოქმედო ველის არათანაბარ გადანაწილებაზე, პოლარიზებულ გარემოში ხალხის გამყოფი კამპანიებისა და ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობების საარჩევნო პროცესზე გავლენის გამო სერიოზული ღელვის შესახებ საუბრობენ.
მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა რელევანტურ სტრუქტურებს, შეასრულონ თავიანთი ვალდებულება სწრაფი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიების ჩასატარებლად და საარჩევნო დარღვევებისა და ბრალდებების გასასამართლებლად. თითოეული დარღვევა უნდა შეფასდეს და ნათელი მოეფინოს. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესმა ნდობა დაიბრუნოს.
ევროკავშირი მოუთმენლად ელის ეუთო-ოდირის საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციას, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს.
პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს შორის კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი უმთავრესია. ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნისამებრ, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც თანხვედრაშია ევროპული ინტეგრაციის პრინციპებთან.
ამ კონტექსტში, ევროკავშირი აცხადებს, რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას, და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რაზედაც ევროკავშირია დაფუძნებული, უნდა გაუქმდეს”, - ნათქვამია ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაში.