რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში დაგეგმილ სამიტზევე გამოაცხადებს.
როგორც კახა გოგოლაშვილმა BMG-ის განუცხადა, ევროკომისიამ ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით არაერთხელ გააფრთხილა და ახლა მოსალოდნელია, რომ EU უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს უახლოეს ხანებში მიიღებს.
მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ პირველ ეტაპზე ევროკომისია სანქციების სახით სწორედ ფინანსური დახმარების შეჩერების მექანიზმს გამოიყენებს, შემდეგი ნაბიჯი კი უკვე შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაც იყოს.
„ფინანსური დახმარების შეჩერების მექანიზმს ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა არ სჭირდება, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ამ შემთხვევაში ევროკომისიის მხრიდან მყისიერი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილა და არამგონია, რომ 27 ივნისის სამიტზე კიდევ გაფრთხილებით შემოიფარგლონ. ამიტომ უნდა ველოდეთ, რომ გარკვეული პროექტები, რომლებიც სწორედ ბიუჯეტის გავლით, ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება, შეიძლება შეჩერდეს. თუმცა არ მგონია, რომ ისეთი პროგრამები შეჩერდება, რომელსაც მოსახლეობაზე დიდი გავლენა აქვს, მაგალითად, ჯანდაცვის ან სოციალური დახმარების პროექტები.
რაც შეეხება სავიზო სანქციებს, არ მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებას ახლა მიიღებენ. თუმცა შესაძლოა, ხელისუფლების წარმომადგენლებს და იმ პირებს, რომლებსაც კავშირი აქვთ „რუსულ კანონთან“, სავიზო შეზღუდვები დაუწესდეთ. ასე რომ დაფინანსების შეზღუდვა ალბათ პირველი ნაბიჯი იქნება, შემდეგ ევროკავშირი საქართველოში არსებულ სიტუაციას დააკვირდება და შესაძლოა, ბევრად უფრო მკაცრი ზომებიც მიიღონ ქვეყნის მიმართ. ასეთი ზომები შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა და კანდიდატის სტატუსის უკან გაწვევა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება. თუკი ჩვენ ამ სტატუსს დავკარგავთ, მერე ძალიან რთული იქნება მისი დაბრუნება“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერება განიხილება. მისი თქმით, "რუსული კანონი" და მის გარშემო განვითარებული უარყოფითი მოვლენები აშორებს საქართველოს ევროკავშირს.