ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტმა თამარა კოფმან ვიტესმა NDI-ის სადამკვირვებლო მისიის დაკვირვების შედეგები წარადგინა და განაცხადა, რომ მაღალმა საარჩევნო აქტივობამ ქართველი ხალხის დემოკრატიული პროცესებისადმი ერთგულება აჩვენა. პრეზიდენტმა საარჩევნო პროცესში პოლიტიკური აქტორების ჩართულობა შეაფასა და აღნიშნა, რომ NDI-ს ხელისუფლებისთვის 26 რეკომენდაცია აქვს, საიდანაც კონფერენციაზე ძირითადი დებულებები გამოყო.
თამარა კოფმან ვიტესმა პოლიტიკურ აქტორებს, განსაკუთრებით ხელისუფლებას, ამომრჩევლის ნების პატივისცემისკენ მოუწოდა და საარჩევნო პროცესის გამართულად, სამართლიანად ჩატარება "გადაუდებელ აუცილებლობად" შეაფასა.
"ქართველი პოლიტიკური აქტორები დემოკრატიულ გზას უნდა მიჰყვნენ - მმართველ პარტიას ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. მთავრობამ პოლიტიკური ნეიტრალობა უნდა შეინარჩუნოს და მშვიდობიან პროტესტს განხორციელების საშუალება უნდა მისცეს. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ასევე თითოეული ქართველის შესაძლებლობა, პოლიტიკური პროცესების ნაწილი იყვნენ.
NDI-ის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ მხარეებისთვის გადაუდებელი აუცილებლობის საკითხი და არსებითად მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესის გამართულობისთვის ყველაფერი გააკეთონ", - განაცხადა NDI-ის პრეზიდენტმა.
26 რეკომენდაციიდან, რომელიც "ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს" ხელისუფლებისთვის აქვს, პრეზიდენტმა ოთხი ძირითადი დებულება გამოყო, რომელთა შორისაცაა "რუსული კანონის" გაუქმება, საარჩევნო უბნებზე განხორციელებულ ძალადობაზე რეაგირება, ადმინისტრაციული რესურსისა და მედიის თავისუფლება.
"პირველ რიგში, პარლამენტმა მყისიერად უნდა გაიწვიოს და გააუქმოს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი იმისთვის, რომ გაუქმდეს დესტრუქციული ზეწოლა სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიაზე. უნდა შეიქმნას სამართლებრივი გარემო იმისთვის, რომ დაცული იყოს შეკრების, გამოხატვისა და სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებები.
პოლიტიკურმა და სამთავრობო აქტორებმა არ უნდა შეუწყონ ხელი და თვალი არ უნდა დახუჭონ ნებისმიერი ფორმით ძალადობაზე, რომლებიც ხორციელდება მათ მიმართ, ვინც პოლიტიკური აზრის გამოხატვას ცდილობენ, მათ შორის მათ მიმართ, ვინც არჩევნების შედეგებისადმი უკმაყოფილებას გამოხატავენ. ყველა პირი, ვინც ძალადობრივ ქმედებას სჩადის, პასუხისგებას უნდა მიეცეს.
პარტიებმა და კანდიდატებმა მკაფიოდ უნდა გააცხადონ თავიანთი ნება და მზაობა, რომ კანონს დაემორჩილებიან: არ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ძალადობა - ეს მოთხოვნა ყველა ფორმით, ხელისუფლების ყველა რგოლში და დონეზე უნდა გავრცელდეს.
მედიასაშუალებებს უნდა მიეცეთ ლეგიტიმური ფუნქციების შესრულების უფლება, რა თქმა უნდა, ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებში. ისე, რომ მთავრობა თვითნებურად არ ავიწროებდეს და აწესებდეს არასათანადო შეზღუდვებს", - განაცხადა თამარა კოფმან ვიტესმა.
NDI-ის სადამკვირვებლო მისიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა, ტომ მალინოვსკიმ ასევე შეაფასა საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობა და განაცხადა, რომ მაღალი აქტივობა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროპასთან დაშორება არ სურს.
"2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის უფრო მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, ვიდრე წინა ორ არჩევნებზე. ეს არის საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული პროცესებისადმი ერთგულების დემონსტრირება. ნათელია, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდათ ნამდვილი დემოკრატია და არ სურთ, ევროპას დაშორდნენ.
ჩვენ ვნახეთ შედეგები, საჩივრები და ამ საჩივრებზე პასუხები, არის ლეგიტიმური კითხვის ნიშნები, რომლებიც საარჩევნო პროცესების სამართლიანობას უკავშირდება. ISFED, რომელიც მთავარი ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიაა, ამ დრომდე მუშაობს დეტალურ ანგარიშზე. მოგიწოდებთ, მიიღოთ ის მხედველობაში", - განაცხადა ტომ მალინოვსკიმ.