"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) ბოლო ანგარიშიდან ირკვევა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ანტიდასავლური პოლიტიკური კამპანიების რაოდენობა მზარდია და ეს სოციალურ ქსელებშიც იკვეთება - ამის შესახებ ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა BMGDrive-ის ეთერში ისაუბრა.
ნინო დოლიძემ ISFED-ის კვლევის სხვა მიგნებებზეც გაამახვილა ყურადღება და წინასაარჩევნო პერიოდის სამ მთავარ გამოწვევას გაუსვა ხაზი.
"26 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმად არის წოდებული სხვადასხვა მთავარი ჩართული მხარეების მიერ: როგორც ხელისუფლება ამბობს, ომსა და მშვიდობას შორის და, როგორც ოპოზიციური პარტიები ამბობენ - რუსეთსა და საქართველოს, დემოკრატიულ განვითარებასა და უკუსვლას შორის. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან გაზრდილია ანტიდასავლური კამპანიები, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც. საქართველოში ასეთი მასშტაბით ანტიდასავლური და ევროსკეპტიკური ნარატივები აქამდე არ შეგვხვედრია და ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა.
პრობლემაა ასევე სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების დიდი მცდელობა, იქნება ეს რუსული კანონი თუ ის განცხადებები, რასაც ვისმენთ… ჩვენ ვნახეთ ბანერებზე და რეკლამებშიც სახეები სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენეს და ეს, რა თქმა უნდა, ასევე პრობლემაა. პარტიები შესაძლოა, ეკამათონ ერთმანეთს სხვადასხვა თემაზე, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების აქ შემოტანა არასწორია", - აღნიშნავს ნინო დოლიძე.
კიდევ ერთი ტენდენცია, რომელზეც ISFED-ის ანგარიშშია საუბარი, ამომრჩევლებზე ზეწოლის მოხდენის ფაქტების გამოვლენაა. ნინო დოლიძე აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევები ხდება როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე დედაქალაქშიც.
"ბოლო ტენდენცია, რაც ვნახეთ, არის, სამწუხაროდ, ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები, რაც სხვა არჩევნებზეც გვინახავს, და ახლა ფაქტობრივად, გაგრძელებაა - პერსონალური მონაცემების შეგროვება, მხარდამჭერთა სიების შედგენა, რამდენიმე ქალაქში იყო პირადობის მოწმობების მოთხოვნის მცდელობები...
ეს შემთხვევები თბილისშიც იყო, მოქალაქე დაგვიკავშირდა პირდაპირ და მოგვაწოდა ინფორმაცია, ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ რეგიონებში ხდება. გვაქვს შემთხვევებიც, როცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც ხდება, აქვთ ინფორმაცია მოქალაქეების შესახებ, თუ ვის რა საჭიროება აქვს და მერე ცდილობენ ამის დაკმაყოფილებას - ეს ყოველთვის მმართველი პარტიის მიერაა შესაძლებელი, რადგან სხვა პარტიებს ამის რესურსი არც აქვთ", - განმარტავს ISEFD-ის აღმასრულებელი დირექტორი.