"სულ ვხედავთ არჩევნებში ხელისუფლის ნებას, რომ ყველაფერი გამოიყენოს და შეინარჩუნოს ხელისუფლება. ამ შემთხვევაში მთავარია, როგორ უპირისპირდება ამას ამომრჩეველი" - ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე საუბრობს.
ISFED-ის დირექტორმა წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე ისაუბრა და განმარტა, რომ საჯარო მოხელეებს საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის ვალდებულებისგან კანონი იცავთ.
"საჯარო მოხელეები ემსახურებიან ქვეყანას თავიანთი საქმიანობით. ისინი, წესით და რიგით, თავიანთ პოზიციებზე არიან კვალიფიკაციის, საქმიანობის, გამოცდილების მიხედვით, ამიტომ მათ უნდა გავაგებინოთ, რომ ამ პოზიციებზე მათი დარჩენა არ არის დამოკიდებული რომელიმე პარტიის ყოფნაზე ან არ ყოფნაზე ხელისუფლებაში, არამედ მათ გამოცდილებაზე, კვალიფიკაციაზე. არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, მოსთხოვოთ მათ სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ კამპანიაში მონაწილეობა - საჯარო მოხელეებს იცავს კანონი, რომლის მიხედვითაც ისინი არიან დამოუკიდებლები. რა თქმა უნდა, არასამუშაო საათებში მათ შეუძლიათ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, მაგრამ დავალდებულება, რომ აუცილებლად მხარი უნდა დაუჭიროთ ვინმეს, არ შეიძლება, ეს უკანონოა", - განმარტავს ნინო დოლიძე.
მისივე თქმით, ISFED-ში არაერთი განცხადება შესულა საჯარო სკოლების მასწავლებლების, დირექტორების და სხვა საჯარო მოხელეების მხრიდან, რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლების რისკებსა და სხვა წნეხზე საუბრობდნენ.
ნინო დოლიძე აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის მიერ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას ამომრჩევლის ინფორმირებულობაც უპირისპირდება, რის გამოც ISFED-ი, საარჩევნო პროცესზე დაკვირვების გარდა, აქტიურად ცდილობს მოქალაქეებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას.
"ამომრჩეველმა ასევე უნდა იცოდეს, რომ მისი ხმა არის ფარული და არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, მოსთხოვოს გაამჟღავნოს, ვის აძლევს ხმას. შეიძლება ჰკითხოს, ატარებენ კვლევებს და გამოკითხვებს ასე, მაგრამ თუ ამომრჩეველს არ სურს, შეუძლია არ გაამჟღავნოს, მით უმეტეს არჩევნების დღეს - ეს მიუღებელი და წარმოუდგენელია, კანონში პირდაპირ წერია, რომ ამომრჩევლის ნება არის მთავარი და არჩევნების მთავარი პრინციპი ხმის მიცემის ფარულობაა.
ამიტომ, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს თავისი უფლებები და შემდეგ ვეღარავინ შეძლებს მათზე ზეწოლის მოხდენას, სულერთია, რომელი პარტია ეცდება ამას", - აცხადებს ნინო დოლიძე.