მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლიტიკური არასტაბილურობა და სუვერენული რეიტინგის "ჩაკეტილი" საფეხური|ბექა ლილუაშვილის ანალიზი

ბექა ლილუაშვილი

პოლიტიკიდან ბიზნესში წასული ყოფილი დეპუტატის, კომპანია Softgen Group-ის ასოცირებული პარტნიორის ბექა ლილუაშვილის შეფასებით, ბოლო წლებში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა არა - სტრუქტურულ გაჯანსაღებას, არამედ გარე ფაქტორებს ეყრდნობა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არასტაბილურია.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ბექა ლილუაშვილმა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის სუსტ წერტილებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ თუ პოლიტიკური სიტუაცია მკვეთრად არ გამწვავდა, საქართველოს ეკონომიკაში სისტემურ რისკებს ვერ ხედავს.

2026 წლის პროგნოზი და კაპიტალის გაძვირების რისკი

ბექა ლილუაშვილი პროგნოზირებს ეკონომიკური ზრდის შენელებას და განმარტავს, რატომ არის მთავრობის მიერ გაჟღერებული 5%-იანი ზრდა არასაკმარისი.

„5%-იანი ზრდა წინა წლების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვანი შენელებაზე მიანიშნებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საჯარო-საინვესტიციო ხარჯების შემცირებაა - ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯების ათვისება ყოველთვის გამოწვევა იყო და ეს ეფექტი 2026 წელსაც გადმოჰყვება. ის ეკონომიკური ზრდა, რაც [ბოლო წლებში] მივიღეთ, ძირითადად გარე შემოდინებების (ტრანსფერები, მიგრანტები, ტურიზმი) ხარჯზე მოხდა. ეს არ არის სტრუქტურული გაჯანსაღება და ეს პროცესი მილევადია“, - თქვა მან.

ყოფილი დეპუტატი განსაკუთრებულ საფრთხედ 500 მლნ დოლარის ევრობონდების რეფინანსირებას ასახელებს, რომელიც მთავრობას წელს უწევს.

„2026 წლის აპრილში 500 მილიონი დოლარის ევრობონდების რეფინანსირება უნდა გავაკეთოთ. სწორედ იქ გამოჩნდება რეალურად, რა ნიშნულზეა ჩვენთვის კაპიტალის გაძვირება. თუ პოლიტიკური ფაქტორების გამო რისკის პრემია გაიზრდება, ეს ბიზნესს მძიმე ტვირთად დააწვება“, - ამბობს ის.

პოლიტიკური არასტაბილურობა და სუვერენული რეიტინგის „ჩაკეტილი“ საფეხური

ამასთან, ბექა ლილუაშვილმა ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური გარემო აღარ არის მხოლოდ „შიდა განხილვის“ საგანი და ის პირდაპირ აისახება საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოების შეფასებებზე.

„პოლიტიკური რეალობა არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმ დიდ გამოსახულებაში, რომლითაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ფასდება. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება - სუვერენული საკრედიტო სააგენტოების (Fitch, S&P, Moody’s) ანგარიშებში ეს ფაქტორი გადამწყვეტია. ჩვენ ორი საფეხური გვაკლია საინვესტიციო რეიტინგამდე და მაგალითად, Fitch-ს თუ დავესესხებით, ერთ საფეხურს სწორედ პოლიტიკური არასტაბილურობის გამო [„ვკარგავთ“]. ეს ქრონიკულ, სისტემურ გამოწვევად იქცა“, - აღნიშნა მან.

ინვესტიციების შემცირება და ტექნოლოგიური ჩამორჩენა

ეკონომისტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ეკონომიკური წარმატება პირდაპირ კავშირშია უცხოური კაპიტალისა და ტექნოლოგიების შემოდინებასთან, თუმცა ამ მიმართულებით დინამიკა ნეგატიურია.

„ჩვენ ვართ მცირე ზომის, ღია ეკონომიკა. ჩვენი ნოუ-ჰაუს და ტექნოლოგიური შესაძლებლობების წარმატება დამოკიდებულია იმ ინვესტიციების მოცულობასა და ხარისხზე, რაც ქვეყანაში შემოდის. ამ თვალსაზრისით გვაქვს კლება - პრე-პანდემიურ პერიოდს არსებული „ფაიფლაინით“ ვერ ვუბრუნდებით. მაშინ, როცა რეგიონის სხვა ქვეყნები ცდილობენ ტექნოლოგიური ბუმის კაპიტალიზაციას, AI ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ენერგეტიკის განვითარებას, ჩვენთან მკაფიო ეკონომიკური პოლიტიკა არ ჩანს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ენერგეტიკა - საექსპორტო მოტივიდან სტრატეგიულ რესურსამდე

„წერტილთან“ ინტერვიუში საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორსაც, სადაც ბექა ლილუაშვილის აზრით, მიდგომები ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს.

„თუ ადრე ენერგეტიკულ განვითარებას წმინდა საექსპორტო მოტივები ჰქონდა თურქეთის ბაზრის გამო, დღეს მოტივაცია დრამატულად განსხვავებულია. ენერგეტიკული რესურსი ხდება გლობალური სტრატეგიული რესურსი. საქართველოსთვის, თავისი სატრანზიტო პოტენციალითა და გეოგრაფიული უპირატესობით, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მან.

რა აწუხებს ბიზნესს საქართველოში?

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა აწუხებს ბიზნესს ყველაზე მეტად, ბექა ლილუაშვილმა კადრების დეფიციტსა და განათლების სისტემის ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება.

„გვაქვს პარადოქსი: უმუშევრობის ფონზე არსებობს სამუშაო ძალის დეფიციტი. ეს არის ე.წ. Skills mismatch - უნარების შეუსაბამობა მოთხოვნასთან. განათლების სისტემის ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო, რომ ეს პარადოქსი აღმოიფხვრას. ბიზნესს აქვს ფინანსური რესურსების შიმშილი, რაც კარგად გამოჩნდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის გააქტიურებისას, მაგრამ ამას სწორი ეკონომიკური ჩარჩო სჭირდება“, - თქვა მან.

ინტერვიუს დასასრულს ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ უნდა დაასრულოს „ემოციური ინტერვენციები ისეთ საკითხებში, სადაც ემოციების სივრცე არ არის“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები