არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელ ირაკლი აბესაძის აზრით, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობები არ იმიჯნება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" ბათუმში ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტზე საუბრისას განუცხადა.
ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ სამძიმრის არცერთ წერილში არაფერი იყო ნათქვამი პასუხისმგებლობაზე. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ თქვა, რომ ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, არ არის სამშენებლო მოედანი. იგივე გაიმეორა "ოცნების ქალაქის" მეორე ფაზის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ანაგმა".
„ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვის დაღუპვის გამო, როგორც ცნობილია, შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
„გამოვყოთ ორი ტიპის პასუხისმგებლობა: პირველი - სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ანუ ვისმა უშუალო მოქმედებამ ან უმოქმედობამ შექმნა სიცოცხლისთვის საშიში გარემოება, რაც უმძიმესი ტრაგიკული შემთხვევით დასრულდა. ეს შესაძლებელია იყოს დემონტაჟის განმახორციელებელი კომპანია, ასევე, ზედამხედველი ორგანო, რომელიც გულგრილად მოეკიდა თავის ვალდებულებას და კარგად არ შეამოწმა რამდენად უსაფრთხო იყო სამშენებლო მოედანი.
რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ისევე როგორც ვაკის პარკის ტრაგედიის შემთხვევაში, ისევე როგორც რიყის პარკის ტრაგედიის შემთხვევაში, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მართებთ ხელისუფლების შესაბამის პირებს, რომელთაც შექმნეს სისტემა, სადაც მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილება ვერ ხდება. გახსოვთ, როცა კარგად მიდიოდა ვაკის პარკის რეაბილიტაცია, კახა კალაძემ გაჭრა წითელი ლენტი და პოლიტიკური ქულები დაიწერა, აბსოლუტურად სწორად - რა თქმა უნდა, ხელისუფლებას პოლიტიკური მიზნები აქვს და პოლიტიკური ქულები უნდა დაიწეროს; ასევე, 8 თებერვალს, როცა ირაკლი კობახიძე ჩავიდა „ოცნების ქალაქში“ და იქ მცხოვრებლებისთვის ახალი ბინების მშენებლობა დააანონსა, ასევე დაიწერა პოლიტიკური ქულები და რანაირად შეიძლება, რომ თუ მძიმე ტრაგედია ხდება, ეს შენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ იყოს?! პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობები არ იმიჯნება. ამიტომ ითრევს სახელმწიფო ფეხს სისხლის სამართლებრივი საქმის ეფექტიანად გამოძიებისგან ან შემდგომ სასჯელი არაა ადეკვატური, რადგან ხვდებიან, რომ ამ პოლიტიკურ სისტემაზე თავად არიან პასუხისმგებელი. როგორ წარმოგიდგენიათ - თუ [მერიის] თანამშრომელი ისაუბრებს, როგორ ხდება მერიაში საქმეების უპასუხისმგებლოდ ან გულგრილად კეთება, ან კორუფციული გარიგებები, ეს ყველაფერი ზვავივით წამოვა და თავში დაეცემათ პოლიტიკური პასუხისმგებლობის სახით“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
"შეუძლებელია, ორი ბავშვი დაიღუპოს და სახელმწიფომ ხელები დაიბანოს" - ირაკლი აბესაძის 5 კითხვა




























