„ნებისმიერ სფეროში, ქართული საზოგადოების პრობლემაა უპასუხისმგებლო და კორუმპირებული რეჟიმი, რომელიც თავის თავს ხელისუფლებას უწოდებს“, - ეს განცხადება BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ირაკლი აბესაძემ 15 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქში“, ორი ბავშვის დაღუპვის მიზეზებსა და პასუხისმგებელ უწყებებზე საუბრისას გააკეთა.
15 თებერვალს, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, თხრილში ორი - 4 და 5 წლის ბავშვი ჩავარდა. ბავშვებს რამდენიმე საათი ეძებდნენ, იპოვეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ონლაინ გამოცემა „ბათუმელების“ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, მცირე მანძილით არის დაშორებული იმ ტერიტორიიდან, სადაც 8 თებერვალს, ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას 1 077 ოჯახისთვის, სიმბოლური კაფსულა ჩადო. სხვათაშორის ამ PR ღონისძიებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დაიხარჯა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ სამძიმრის არცერთ წერილში არაფერი იყო ნათქვამი პასუხისმგებლობაზე. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ თქვა, რომ ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, არ არის სამშენებლო მოედანი. იგივე გაიმეორა "ოცნების ქალაქის" მეორე ფაზის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ანაგმა".
„შეუძლებელია, ერთ-ერთ დიდ ქალაქში ასე ტრაგიკულად ორი ბავშვი დაიღუპოს და სახელმწიფომ ხელები დაიბანოს“ - აცხადებს იურისტი ირაკლი აბესაძე, რომელსაც სახელმწიფოსთან არაერთი კითხვა აქვს.
„პირველ რიგში, მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ანუ ეს არ არის კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ იქ იყო უკანონოდ აშენებული ბარაკები, რომელიც ფაქტია, დანგრეულია და სწორედ ეს აღიარა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რომელმაც თქვა, რომ "უშუალოდ "ოცნების ქალაქის" დასახლებაში დემონტაჟი განვახორციელეთ სამშენებლო ტერიტორიის გარდა, სხვა შენობა-ნაგებობებისო“ ანუ ბარაკები ავიღეთ იმაზე ფართო ტერიტორიიდან, ვიდრე
მშენებლობა უნდა განხორციელდესო. ჩემთვის, ეს ფაქტობრივად, აღიარებაა, რომ [ბარაკები] აღებულ იქნა სახელმწიფოს დაკვეთით - შეიძლება კერძო ორგანიზაციის მიერ ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოს მიერ.
ასევე, მოქალაქეებს განვუმარტოთ, რომ დემონტაჟი ანუ არსებული შენობ-ნაგებობის დანგრევა და ნარჩენების გატანა მშენებლობის ნაირსახეობაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ადგილი იყო სამშენებლო მოედანი. თან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში ანუ 100%-ით პასუხისმგებლობა იყო სახელმწიფოსი, რომ დემონტაჟი უსაფრთხოდ განხორციელებულიყო.
რა კითხვები ითხოვს პასუხებს?
- არსებობდა თუ არა [ბარაკების] დემონტაჟის ნებართვა და თუ - კი, ბათუმის მერიამ გაასაჯაროს შესაბამისი დოკუმენტი.
- მუნიციპალურმა ინსპექციამ გაასაჯაროს ზედამხედველობის დროს შედგენილი ოქმები და დასკვნები, რათა ვნახოთ, დემონტაჟი განხორციელდა თუ არა გაცემული ნებართვების შესაბამისად.
- ბათუმის მერიამ განმარტოს, რატომ არ იყო სამშენებლო მოედანი შემოსაზღვრული, როგორც ამას მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს.
- თუ სამშენებლო მოედანი შემოსაზღვრული იყო, როდის და რატომ მოიხსნა შესაბამისი ღობე და თუ მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს, რის საფუძველზე იყო სახელმწიფო დარწმუნებული, რომ ამ ტერიტორიის ხელმისაწვდომობა და ღობის გარეშე დატოვება, საზოგადოებისთვის უსაფრთხო იქნებოდა?
- თხრილი იყო სამშენებლო ტერიტორიაზე. ბავშვები დაიღუპნენ სამშენებლო მოედანზე. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის და მუნიციპალიტეტის პრობლემებში გარკვეული ადამიანისთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა - წყლით სავსე თხრილი დარჩა დემონტაჟის მერე ანუ დემონტაჟის განმახორციელებელმა კომპანიამ ჯეროვნად ვერ შეასრულა ვალდებულება თუ მერე კერძო პირმა გათხარა? დავუშვათ, დემონტაჟის ყველა ეტაპი რეგულაციის სრული დაცვით განხორციელდა, მაგრამ შემდეგ სხვა პირმა გათხარა ტერიტორია. ასეთ სიტუაციაშიც, სახელმწიფო, ბათუმის მერიის საზედამხედველო ორგანო ვალდებული იყო, ინტენსიურად ეწარმოებინა მონიტორინგი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, სადაც ადამიანები ბარაკებში ცხოვრობენ და ბავშვებს არც სათამაშო სივრცე აქვთ, არც ეზო და არც სკვერი“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
„ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვის დაღუპვის გამო, როგორც ცნობილია, შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. „წერტილთან“ ინტერვიუში „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობებზეც ისაუბრა.
„გამოვყოთ ორი ტიპის პასუხისმგებლობა: პირველი - სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ანუ ვისმა უშუალო მოქმედებამ ან უმოქმედობამ შექმნა სიცოცხლისთვის საშიში გარემოება, რაც უმძიმესი ტრაგიკული შემთხვევით დასრულდა. ეს შესაძლებელია იყოს დემონტაჟის განმახორციელებელი კომპანია, ასევე, ზედამხედველი ორგანო, რომელიც გულგრილად მოეკიდა თავის ვალდებულებას და კარგად არ შეამოწმა რამდენად უსაფრთხო იყო სამშენებლო მოედანი.
რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ისევე როგორც ვაკის პარკის ტრაგედიის შემთხვევაში, ისევე როგორც რიყის პარკის ტრაგედიის შემთხვევაში, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მართებთ ხელისუფლების შესაბამის პირებს, რომელთაც შექმნეს სისტემა, სადაც მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილება ვერ ხდება. გახსოვთ, როცა კარგად მიდიოდა ვაკის პარკის რეაბილიტაცია, კახა კალაძემ გაჭრა წითელი ლენტი და პოლიტიკური ქულები დაიწერა, აბსოლუტურად სწორად - რა თქმა უნდა, ხელისუფლებას პოლიტიკური მიზნები აქვს და პოლიტიკური ქულები უნდა დაიწეროს; ასევე, 8 თებერვალს, როცა ირაკლი კობახიძე ჩავიდა „ოცნების ქალაქში“ და იქ მცხოვრებლებისთვის ახალი ბინების მშენებლობა დააანონსა, ასევე დაიწერა პოლიტიკური ქულები და რანაირად შეიძლება, რომ თუ მძიმე ტრაგედია ხდება, ეს შენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ იყოს?! პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობები არ იმიჯნება. ამიტომ ითრევს სახელმწიფო ფეხს სისხლის სამართლებრივი საქმის ეფექტიანად გამოძიებისგან ან შემდგომ სასჯელი არაა ადეკვეტური, რადგან ხვდებიან, რომ ამ პოლიტიკურ სისტემაზე თავად არიან პასუხისმგებელი. როგორ წარმოგიდგენიათ - თუ [მერიის] თანამშრომელი ისაუბრებს, როგორ ხდება მერიაში საქმეების უპასუხისმგებლოდ ან გულგრილად კეთება, ან კორუფციული გარიგებები, ეს ყველაფერი ზვავივით წამოვა და თავში დაეცემათ პოლიტიკური პასუხისმგებლობის სახით“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
გადაცემის წამყვანმა „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელს კითხვა ბიზნესის პასუხისმგებლობაზეც დაუსვა - სად და როდის იწყება კომპანიის პასუხისმგებლობა, მაგალითად, „ანაგის“?
„მე არ მაქვს ინფორმაცია, „ანაგს“ რა ტერიტორია ჰქონდა განსაზღვრული სამშენებლო მოედნად, თუმცა რა თქმა უნდა, სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობა იწყება პირველივე ეტაპიდან - სამშენებლო პროექტზე შეთანხმებიდან ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე. ამ პასუხისმგებლობას სახელმწიფო და სამშენებლო კომპანია ინაწილებენ, მაგრამ სარკისებური ეფექტი აქვს სახელმწიფოს ჩამოშლას - როგორი ჩამოშლილი და დეგრადირებული არის სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორი უმოქმედო და უპასუხისმგებლოა საჯარო უწყებები, სარკისებურად, ხშირ შემთხვევაში ასეთივეა კერძო სექტორიც. ვიცი, არაერთი რეპუტაციული კომპანია, რომელიც დიდი ხანია გაემიჯნა და უარი თქვა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობაზე, რადგან უმრავლეს შემთხვევაში „ატკატებს“ ითხოვენ და ასეთ დროს სრულიად იშლება ურთიერთკონტროლის ზღვარი - ვერავინ ვერავის გააკონტროლებს, რადგან დანაშაულის თანამონაწილეები არიან. ორივე მხარეს ერთადერთი მიზანი ამოძრავებს - იშოვოს ფული. ფულს რომ თავი დავანებოთ, როცა კერძო კომპანია ხედავს, რომ მისი მაკონტროლებელი უვიცი და უპასუხისმგებლოა, რა თქმა უნდა, ბლაგვდება ბიზნესიც“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.




























