ეკონომისტთა ნაწილი ანაკლიის პორტის კონკურსში ჩინური კომპანიის გამარჯვებას უარყოფითად აფასებს. ირაკლი მაკალათია ფიქრობს, რომ ეკონომიკური პროცესების განმსაზღვრელი მოქმედი მთავრობის პოლიტიკური გემოვნებაა.
„ანაკლიის პორტის აშენების დაპირებები ხშირად ისმის და რამდენად ეს პროექტი განხორციელდება ცალკე საკითხია, თუმცა მეორეა რაზეც ვსაუბრობთ, ეს შესაძლებელია გახდეს აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნების დამაკავშირებელი, ამიტომ გამორიცხულია ანაკლიის პორტით არ იყოს დაინტერესებული ცივილური, დასავლელი ინვესტორები და მათ მონაწილეობის მიღების სურვილი არ ჰქონდეთ. არსებობდა კიდევ დასაწყისში ეს სურვილი. აქ პრობლემაა ის, რომ მთავრობა დგას ამის უკან. ის არის მთავარი მესაკუთრე 51%-ით, შესაბამისად ვინ მოვა ინვესტორი ამას ჯანსაღი ეკონომიკური პროცესები კი არ განსაზღვრავს, არამედ მთავრობის პოლიტიკა. ის გემოვნება, რაც მათ აქვთ და დღეს ეს გემოვნება არის ჩინური კომპანია, რომლის რაღაც ნაწილი დასანქცირებულია. რამდენად ადეკვატური კომპანია შემოდის ეს კიდევ ცალკე საკითხია.
დღეს ეკონომიკა უნდა გვქონდეს, რომელსაც ეკონომიკური სუბიექტები განსაზღვრავენ და პირიქით გვაქვს, - პოლიტიკური პროცესები განსაზღვრავს ეკონომიკას“, - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში ჩინურმა კონსორციუმმა გაიმარჯვა. ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია China Communications Construction Company Limited-ისა და China Harbour Investment Pte-ს ჰოლდინგი ააშენებს. აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინური კონსორციუმის შვილობილი კომპანიები აშშ-ის მიერ არის სანქცირებული.