ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის აშენება ორ კომპანიას: შვეიცარიულ - ლუქსემბურგულსა და ჩინურ - სინგაპურულს სურს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის შესახებ წინადადებების წარდგება 20 მაისისთვის დასრულდება. BMG-იმ BLB-ის დამფუძნებელ კახა შარაბიძეს ჰკითხა: აქვს თუ არა მნიშვნელობა პორტს ჩინური კომპანია ააშენებს თუ ევროპული?
"რა თქმა უნდა, მომხრე ვარ და მივესალმები, რომ განსხვავება არ უნდა იყოს, რადგან ინვესტიცია არის ინვესტიცია. თუმცა ჩვენ თანამედროვე მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც ზოგიერთი ბიზნესი, სფერო გეოპოლიტიკის ნაწილია. ასეთი პროექტების განხილვისას, მოგვწონს თუ არა, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური ელემენტები შემოდის. მნიშვნელოვანი ხდება, ვინ რას აშენებს", - განაცხადა კახა შარაბიძემ.
როგორც ბიზნესის ინტერესების დამცველმა აღნიშნა, ქვეყნების ნაწილი ეკონომიკურ პროექტებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და მსგავს სახელმწიფოებს მსგავსი ინსტრუმენტები არ უნდა მიეცეთ:
"არსებობს ქვეყნები, რომლებმაც, შესაძლოა, ეკონომიკური ბერკეტები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ალბათ, სასურველია, ამ ტიპის ქვეყნებს ეს ინსტრუმენტები არ მიეცეთ" - თქვა შარაბიძემ.
- ფიქრობთ, რომ ჩინეთი არის ქვეყანა, რომელმაც, შესაძლოა, ანაკლიის პორტი პოლიტიკურად გამოიყენოს?
"პოლიტიკოსებისა და ეკონომისტების შეფასებით, არის შემთხვევები, როდესაც ჩინეთი ეკონომიკურ პროექტებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს", - განაცხადა კახა შარაბიძემ.