მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტიკური თანამდებობის პირებში არის დაუცველობის განცდა - თეა წულუკიანი

წულუკიანი

"ქართული ოცნების" პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ საჯარო მოხელეებში დაუცველობის განცდაა და პირად სივრცეში შეჭრა დასჯადი უნდა იყოს.

მან ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, სადაც სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაინიცირებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

"როდესაც ვხედავთ, რომ საჯარო მოხელეებში, ძალოვან სტრუქტურებშიც კი და პოლიტიკური თანამდებობის პირებში არის დაუცველობის სრული განცდა. ეს ძალიან ცუდია თვითონ სახელმწიფოსთვის, იმიტომ, რომ მე, როგორც ერთ პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაქვს თმენის ვალდებულება და მგონია, რომ ყველაფრით დავამტკიცე, რომ თმენის ვალდებულებას ღირსეულად ვუსწორებ თვალს, მაგრამ არანაირი ამგვარი თმენის ვალდებულება არ უნდა ჰქონდეს ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებსაც არ აურჩევიათ საჯარო პირად ყოფნა.

როდესაც ტელევიზიები არაერთხელ დარეკავენ კარზე ზარს, მოხუც მშობლებს სტუმარი ჰგონია, შემდეგ სახლში იჭრება ოპერატორი და ჟურნალისტი და ოთახიდან ოთახში დარბის, ამაზე კარგად უნდა ვიმსჯელოთ, სამოსამართლეო პრაქტიკა უნდა ჩამოყალიბდეს, იმიტომ, რომ ეს ცალსახად არის პირად სივრცეში შეჭრა და ეს უნდა ისჯებოდეს მკაცრად.

ამგვარი რამ იმ დასავლეთში, რომელშიც ისინი უკვე შევიდნენ და უკან ვეღარ გამოდიან, აბსოლუტურად დაშვებული და მიუღებელია. ეს ყველაფერია ევროპულის გარდა. რატომღაც ჩვენ ძალით გვაცხოვრებენ რეალობაში - კი ბატონო, ევროპაში უნდა იყოს კანონები და წესები, მაგრამ აქ იგივე კანონები და წესები არის დარღვევა და შეზღუდვა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ქართული ოცნების" მიერ დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ასევე სახელმწიფო მოსამსახურისა და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები