მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლიტიკური წმენდის სერიას უნდა ველოდოთ - განათლების ექსპერტი საუნივერსიტეტო რეფორმაზე

განათლება

Erasmus+ ეროვნული ოფისის ყოფილი ხელმძღვანელისა და ევროკავშირის პროექტების EU4Dialogue კოორდინატორი, ლიკა ღლონტი, ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს და პოლიტიკური წმენდის სერიის მოლოდინშია.

საქმე ის არის, რომ "ოცნების" მთავრობა საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას იწყებს. ირაკლი კობახიძის თქმით, უმაღლესი განათლების ხარისხი საქართველოში დამაკმაყოფილებელი არ არის.

"ეს იყო ძალიან დამაზიანებელი განცხადება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ერთია, როდესაც ჩვენ, განათლების ექსპერტები ვკამათობთ მუდმივად განათლების ხარისხის თაობაზე, მაგრამ როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოდის და აცხადებს, რომ ჩვენი განათლების ხარისხი არ არის კარგი და აი, ახლა მივხედავთ მას, ძალიან ცუდი სიგნალი მიდის ჩვენი პარტნიორებისკენ. რას ვეუბნებით ჩვენ სარეკრუტო სააგენტოებს, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებს, რომ თურმე განათლების ხარისხი ძალიან ცუდი გვქონია და აწი მივხედავთ?" - აღნიშნავს ლიკა ღლონტი.

ლიკა ღლონტის აზრით, რეფორმის რეალური მიზანი საუნივერსიტეტო სივრცის პოლიტიკური წმენდაა. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, კობახიძის განცხადება ცხადყოფს, რომ ხელისუფლება რეფორმის განხორციელების პარალელურად სამოქალაქო პროტესტს მოელის.

"[კობახიძის] განცხადების მიხედვით ვიტყოდი, რომ უნდა ველოდოთ პოლიტიკური წმენდის სერიას. ჩემთვის ეს იყო აღქმული, როგორც პოლიტიკური პროცესის გაგრძელება, რადგან პრემიერმა თქვა, რომ ვიცით ამას იმხელა წინააღმდეგობა მოჰყვება, რამხელაც გამჭვირვალობის კანონსო, ანუ წინასწარვე დააანონსა მოსალოდნელი წინააღმდეგობა.

საუბარი იმაზე, რომ 4 წელიწადში ისინი თვისობრივად შეცვლიან უმაღლესი განათლების სისტემას საქართველოში, ზედმეტად თავდაჯერებული მგონია. ნიშანდობლივი იყო ისიც, თუ ვინ ინიშნება ამ პროცესებში ერთ-ერთ წამყვან ფიგურად, ლევან იზორია, რომელიც ვიცით, რომ სუსის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა, თავდაცვის მინისტრიც იყო და მის ექსპერტიზას განათლებისა და მეცნიერების სფეროში კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებდი. ვფიქრობ, უფრო ლაპარაკი იქნება სისტემის კონტროლზე", - ამბობს ღლონტი.

განათლების ექსპერტის აზრით, ის, რაც უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემას რეალურად სჭირდება, განვითარების მკაფიო სტრატეგიაა, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაშიც უცვლელი დარჩება.

"საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემას სჭირდება მკაფიო განვითარების სტრატეგია, ყველაზე ნაკლებად სჭირდება ამ სტრატეგიის მუდმივი ცვლილება და თამაში რაღაც ტენდენციებით. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს უკვე არის მიღებული სამინისტროს მიერ 2030 წლამდე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგია, არ ვიცით რატომ გაჩნდა უცებ საჭიროება ახალი კონცეფციის შემუშავების.

მუდმივად ხდება რაღაც მოძრაობა ამ სფეროში, ოღონდ არავინ არაფერი ვიცით, რა მიზნით, არ ვიცით, წინა სტრატეგია დაიხურა, შეფასდა მისი შესრულების ხარისხი თუ რა. ხდება მუდმივი რყევები და სისტემა მუდმივ რყევებს ვერ იტანს. ჩვენ გვჭირდება მკაფიო სტრატეგია და მეტიც, რაც არ უნდა სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ეს სტრატეგია უნდა იყოს უცვლელი, რადგან განათლების სისტემა ძალიან ზარალდება, როდესაც ამა თუ იმ პარტიის თუ ხელისუფლების და ძალების პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება ხოლმე", - განაცხადა ლიკა ღლონტმა.

ირაკლი კობახიძემ საუნივერსიტეტო განათლების რეფორმა 20 იანვარს, მთავრობის სხდომაზე დააანონსა. მისი განცხადებით, პროექტის განხორციელებისათვის სამთავრობო კომისია იქმნება, რომელიც კონკრეტულად ამ რეფორმაზე იმუშავებს და 4 წლის თავზე სისტემას სრულად გარდაქმნის.

რეფორმას სათავეში განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე და ლევან იზორია ჩაუდგებიან. თავად ლევან იზორია კი სხვადასხვა დროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსანი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები