მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიციამ UnitedHealthcare-ის დირექტორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა

ლუიჯი მანჯონე

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის, UnitedHealthcare-ის გენერალური დირექტორი, ბრაიან ტომპსონის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ახალგაზრდა მონაცემთა მეცნიერი, ლუიჯი მანჯონე დააკავა. ეჭვმიტანილი პოლიციამ პენსილვანიის ქალაქ ალტუნაში, McDonald’s-ში მას შემდეგ დააკავა, რაც რესტორნის თანამშრომელმა ის ახალ ამბებში ნანახ პიროვნებას დაამსგავსა და პოლიციას დაუკავშირდა. ამ დროისთვის, ლუიჯი მანჯონეს ედავებიან, როგორც ადამიანის განზრახ მკვლელობას, ასევე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, საბუთების გაყალბებას და პოლიციისთვის ყალბი საბუთების წარდგენას ედავებიან.

როგორც გამოძიებისთვის ამ დროისთვის ამოღებული მტკიცებულებებიდან არის ცნობილი, ლუიჯი მანჯონე, რომელიც მდიდარი ოჯახის შთამომავალია, მისი ასაკისთვის საკმაოდ წარმატებული იყო. ლუიჯი მანჯონე ჯერ აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო კერძო სკოლაში, მოგვიანებით კი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობდა. ბოლო წლებში, ახალგაზრდა ეჭვმიტანილი ავტომობილებით ვაჭრობის ონლაინპლატფორმის მქონე კომპანიის, TrueCar-ის პერსპექტიული მონაცემთა მეცნიერი იყო. როგორც კომპანიაში ამბობენ, მანჯონე TrueCar-ში 2023 წლიდან აღარ მუშაობს.

ლუიჯი მანჯონეს ჩხრეკისას სამართალდამცავმა უწყებებმა ხელნაკეთი იარაღი და მანიფესტი ამოიღეს, რომელიც, როგორც ირკვევა, მეტად ანტიკაპიტალისტური ნარატივით გამოირჩევა, განსაკუთრებით სადაზღვევო კომპანიების მიმართ. ეს დოკუმენტი საჯარო არ არის, მაგრამ, როგორც ანონიმური წყარო Bloomberg-თან ჰყვება, ლუიჯი მანჯონემ წინასწარ მოიხადა ბოდიში ტკივილისთვის, რომელსაც კონკრეტულ მხარეებს მიანიჭებდა და დასძინა, რომ სადაზღვევო სექტორი ამ ნაბიჯს იმსახურებდა. როგორც აღმოჩნდა, ლუიჯი მანჯონე უნაბომბერის სახელით ცნობილი ტერორისტის, ტედ კაჩინსკის შემოქმედებას იცნობდა და იწონებდა.

შეგახსენებთ, რომ UnitedHealthcare-ის გენერალური დირექტორი, ბრაიან ტომპსონი ნიუ-იორკის ფინანსური ცენტრის შუაგულში, მანჰეტენის კუნძულზე მოკლეს. შემთხვევა New York Hilton Midtown-თან მოხდა, სადაც UnitedHealthcare-ის ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრა იმართებოდა. UnitedHealthcare-ში ბრაიან ტომპსონი 140,000-იან შტატს ხელმძღვანელობდა. თავად ეს კომპანია UnitedHealth Group-ის შვილობილია. ჰოლდინგური კომპანიის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, სადაც ის $515 მილიარდად არის შეფასებული. ამ მაჩვენებლით, ჯანდაცვის და დაზღვევის სექტორებში ის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. 2023 წელს, UnitedHealth Group-მა $371.6 მილიარდის შემოსავალი და $22.4 მილიარდის წმინდა მოგება დააგენერირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები