მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლიციის დღესთან დაკავშირებით, შსს ₾1.5 მილიონის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

შსს

პოლიციის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 1.5 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ითხოვს თანხმობას.

კერძოდ, შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სამინისტრო პოლიციის დღის ორგანიზებაში სავარაუდოდ, 1 549 667 ლარის დახარჯვას გეგმავს.

2026 წლის 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის დღეს აღნიშნავს.
ამ თარიღთან დაკავშირებით, სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართება მასშტაბური
საზეიმო ღონისძიება.

"მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის მქონე ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება (პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია, ვიზუალური და მუსიკალური გაფორმება და სივრცის მოწყობა) პირდაპირ კავშირშია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის იმიჯთან.

ამასთან, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფები, მოწვეული სტუმრები - საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და პარტნიორი უწყებების წარმომადგენლები.

ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო საერთო კონცეფციის შემუშავება/წარდგენა. შესაბამისად ფასი არ უნდა ყოფილიყო ერთადერთი განმაპირობებელი ფაქტორი გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად. გავითვალისწინეთ კონცეფცია, რენდერების ხარისხი, კომპანიის გამოცდილება და ფასი.

ამასთან აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევაში მომსახურების გასაწევად საჭირო საქონლის დამზადება/მოწოდებას ესაჭიროება გარკვეული პერიოდი, ხოლო ღონისძიების ჩატარებამდე დარჩენილი პერიოდი არ არის საკმარისი სატენდერო პროცედურების განსახორციელებლად, შესაბამისად მიზანშეწონილია, ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჭირო მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს დროის უმოკლეს ვადებში", - წერია შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მომსახურების შესყიდვას შპს „რუბიკონ გრუფი"-ისგან გეგმავს, რადგან როგორც უთითებს ყველაზე კარგი პირობები სამინისტროს ამ კომპანიამ შესთავაზა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები