მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პოლიციის მითითებები სრულიად უკანონოა" - დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები პროკურატურას მიმართავენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციის მოქმედებებზე რეაგირებას ითხოვენ. მათი განცხადებით, სამართალდამცველების მიერ დაწესებული შეზღუდვები უკანონოა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს.

მშობლების განცხადებით, ისინი ყოველდღიურად მართავენ მშვიდობიან აქციებს სახელმწიფო კანცელარიის წინ და სახელმწიფოსგან მედიკამენტებისა და მკურნალობის დაფინანსებას მოითხოვენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროტესტი ღია საზოგადოებრივ სკვერში მიმდინარეობს, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიცია მათ კარვების, პუფებისა და ბალიშების შეტანის საშუალებას არ აძლევს.

„პოლიციის მითითებები არის სრულიად უკანონო. არ არსებობს საზოგადოებრივ სკვერში ამ ნივთების შეტანის აკრძალვის არანაირი საფუძველი“, - აცხადებენ მშობლები.

მათი თქმით, 27 აპრილს პოლიციამ აქციის მონაწილეებს პლედების შეტანაც აუკრძალა, თუმცა მოგვიანებით ამის უფლება მისცა. მშობლები აცხადებენ, რომ 24-საათიანი ყოფნა ღია ცის ქვეშ, მინიმალური პირობების გარეშე, მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მათი ინფორმაციით, 27 აპრილს ერთ-ერთი მშობელი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 20 აპრილის აქციაზე დიუშენით დაავადებულ ბავშვებს კანცელარიის მისაღებში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ, რათა საკუთარი მოთხოვნები პირადად გაეჟღერებინათ.

მშობლები მიიჩნევენ, რომ პოლიციის ქმედებები შესაძლოა შეიცავდეს რამდენიმე შესაძლო სამართალდარღვევის ნიშნებს, მათ შორის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელშეშლას, დისკრიმინაციასა და უფლებამოსილების გადამეტებას.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების პროგრესირებად განლევას იწვევს. მშობლების ინფორმაციით, საქართველოში ამ დიაგნოზით დაახლოებით 100 ბავშვი ცხოვრობს, ხოლო თანამედროვე მკურნალობისა და სიცოცხლის გამახანგრძლივებელი თერაპიების დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან ამ დრომდე არ ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები