"ტურიზმის საერთაშორისო აკადემიის" დამფუძნებელი მანანა უგულავა ზურაბ პოლოლიკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მისი კანდიდატურის პირობებში, სხვას გამარჯვების შანსი არ ექნებოდა.
მანანა უგულავა პოლოლიკაშვილის გენმდივნობის პერიოდს აფასებს და აღნიშნავს, რომ მან საქართველო გახადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს წევრი, მიანიჭა ხმის მიცემის უფლება, თუმცა ეს ხმა გუშინ არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატმა მიიღო.
"ვიცოდი, ზურაბ პოლოლიკაშვილი დიდი ადამიანი იყო, მაგრამ მისმა სტატუსმა, რეპუტაციამ, წონამ და სიძლიერემ მსოფლიოს მასშტაბით კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა ყველა.
მსოფლიო აურზაურის, დიდი თამაშის მთავარი გმირი აღმოჩნდა. თვით სუფთა, წესიერი, მხოლოდ პიროვნულ - პროფესიულ ურთიერთობებზე დაფუძნებული ნდობით და სიყვარულით. ის კიდევ მეტად სასურველი და დასაფასებელი გახდა მსოფლიო პოლიტიკაში, წინ ბევრი ახალი სიურპრიზი გველის.
ზურაბ პოლოლიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ის მსოფლიო რანგის ლიდერია, უდიდესი გავლენის, წონის და რეპუტაციის მქონე.
უკვე წამსვლელ გენმდივან, ზურაბ პოლოლიკაშვილს რა სიტყვებს ეუბნებოდნენ მსოფლიოს ქვეყნები, როგორ უხდიდნენ მადლობებს და როგორ უჭირდათ აღნიშნული რეალობის მიღება.
ემირატები ყველა საშუალების გამოყენებით შეეცადა პოლოლიკაშვილისთვის არჩევნებამდე ხმის წართმევას, ქვეყნები კი ეუბნებოდნენ - არა!!!! ჩვენ ხმას ვაძლევთ ზურაბს. საჭირო გახდა სერიოზული ჩარევა - უსამართლო და შემაშინებელი, რათა როგორმე კანდიდატი ის აღარ ყოფილიყო და მხოლოდ ასე შეძლებდა სხვა გამარჯვებას. ზურას კანდიდატობის პირობებში ნული შანსი ჰქონდა სხვა კანდიდატს გამარჯვების.
თუმცა ახალ გენმდივან, შეიხა ალ ნოვაისს, ექნება მხარდაჭერა ძველი გუნდის მხრიდან ყველა კარგ საქმეში.
ორიოდე სიტყვა გუშინდელ დღეზე და ბოლოდროინდელ მოვლენებზე.
2017 წელს, ქართველმა, პატარა საქართველოდან, საკუთარი ნიჭით, უნარით, მოახერხა სასწაული, მიიღო უფლება, თავისი ქვეყნიდან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატი ყოფილიყო. თავის ქვეყანას მან თავად გაუკეთა ეს საჩუქარი, საქართველო უბრალოდ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მას მიეცემოდა შესაძლებლობა კანდიდატის წარდგენის.
პოლოლიკაშვილმა საქართველო გახადა საბჭოს წევრი ასევე, მიანიჭა ხმის მიცემის უფლება ეს ხომ სამუდამოდ დარჩება, თუმცა ეს ხმა გუშინ არაბმა მიიღო.
ზურას გენმდივნობა იყო დაუჯერებელი. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მის წინამორბედს ერთ-ერთ ღონისძიებაზე როგორ დახვდნენ - რა რევერანსებით, მაგიჟებდა იმის გააზრება, რომ ჩვენი ქვეყნის შვილი, ქართველი ადამიანი იმავე სტატუსით სარგებლობდა. რაღა ბევრი გავაგრძელოთ, და ამ კაცმა იქ ორგზის ყოფნის პერიოდში პირნათლად შეასრულა თავისი მოვალეობა. უამრავი რამ აკეთა საქართველოსთვის და იმხელა ნდობა დაიმსახურა, რომ მესამედაც მისცეს კენჭისყრის უფლება, ხოლო თავისი კარიერა გაეროში იმით დაასრულა, რომ მსოფლიო ყირაზე დადგა, ოღონდ კი ის არ ყოფილიყო კონკურენტი ემირატებისთვის! გესმით, რაზე ვლაპარაკობთ?! თუკი მე დანარჩენ ქართველებთან ერთად გაოგნებული ვიყავი ზურას (ზურაბ პოლოლიკაშვილის) მიღწევით, ახლა არანაკლებ გაოგნებული ვარ მისი სტატუსით და რეპუტაციით. ემირატები ყველა გზით შეეცადა მისთვის ხმის წართმევას, ქვეყნები კი ეუბნებოდნენ - არა! ჩვენ ხმას ვაძლევთ ზურაბს. საჭირო გახდა სერიოზული ჩარევა - უსამართლო და შემაშინებელი, რათა როგორმე კანდიდატი ის აღარ ყოფილიყო. ვიცოდი, ზურა დიდი ადამიანი იყო, მაგრამ მაინც გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ამხელა გავლენა ვერ მოერეოდა. ამიტომ, გამოიყენეს ქართველთა გარკვეული ჯგუფი. ეს არ გააკეთა ჩემმა ქვეყანამ, რომელიც დედამიწაზე ყველას და ყველაფერს მირჩევნია; ეს არ გააკეთა ჩემმა ხალხმა. ეს გააკეთა ადამიანების ერთმა ჯგუფმა ჩემი ქვეყნიდან. ჩვენ კიდევ უფრო ნათლად დავინახეთ ზურაბ პოლოლიკაშვილის წონა მსოფლიო მასშტაბით. მისი კარიერა გრძელდება და გაგრძელდება სასიამოვნო სიურპრიზებით. ჩემი ქვეყანაც გასწორდება წელში და გამოასწორებს ადამიანთა ჯგუფის მიერ დაშვებულ შეცდომებს",- წერს მანანა უგულავა.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაერთიანებული საამიროების კანდიდატს დაუჭირა მხარი. შაიხან ნასერ ალ ნოვაისი თანამდებობაზე 30 მაისს აირჩიეს.




























