პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ქვეყანა გარკვეულ ეტაპზე საკუთარი ბირთვული იარაღის მოპოვებას შეეცდება.
აღნიშნული განცხადება მან ევროპაში ბირთვული შეკავების სისტემის გაძლიერების ფონზე გააჟღერა, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, აშშ-ის მხრიდან კონტინენტის დაცვასთან დაკავშირებით გაჩენილ ეჭვებთან პირდაპირ კავშირშია. ტუსკის თქმით, პოლონეთი ბირთვულ უსაფრთხოებას უაღრესად სერიოზულად ეკიდება და ავტონომიური შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, ქვეყანა მომავალში ამ საკითხში მაქსიმალურად დამოუკიდებელი ნაბიჯებისთვის მოემზადება.
ცნობისთვის, ვარშავამ პარიზთან აქტიური მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოკავშირეებს ბირთვული პოტენციალის მქონე გამანადგურებლების მათ ტერიტორიაზე დროებითი განთავსება შესთავაზა. სხვადასხვა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ბანაკში ყოფნის მიუხედავად, დონალდ ტუსკის პოზიცია თითქმის ემთხვევა პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის ხედვას, რომელიც ბირთვულ პროექტში პოლონეთის ჩართვის აქტიური მხარდამჭერია. თუმცა ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობა მოკავშირეების შერჩევაშია: ნავროცკი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას მიიჩნევს სწორ გზად, ტუსკი კი უპირატესობას ევროპულ გაერთიანებას ანიჭებს.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამბიციური გეგმების მიუხედავად, პოლონეთი 1960-იანი წლებიდან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმომწერია და აღებული აქვს ვალდებულება, არასდროს შექმნას ან შეიძინოს ატომური იარაღი. ამ ეტაპზე ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიად საფრანგეთთან გასულ წელს გაფორმებული შეთანხმება რჩება, რაც პოლონეთისთვის ფრანგული ბირთვული რაკეტებით დაცვის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ოფიციალურ პარიზსა და ვარშავას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 10 მარტს, ბირთვული ენერგიის სამიტზე გაიმართება.




























