პოლონეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში მოქმედი უკანასკნელი რუსული საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია ქალაქ გდანსკში მდებარე დიპლომატიურ ოფისზე.
როგორც ოფიციალური ვარშავა განმარტავს, გადაწყვეტილების მიზეზი სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალზე მოწყობილი დივერსიაა, რომლის უკანაც, მათი შეფასებით, რუსეთის ხელისუფლება დგას. საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ვარშავა-ლუბლინის სარკინიგზო ხაზზე მომხდარი აფეთქება სახელმწიფო ტერორიზმის აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ მისი მიზანი არა უბრალოდ სტრატეგიული ობიექტის დაზიანება, არამედ პოლონეთის მოქალაქეების განადგურება იყო. მომხდარს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკიც გამოეხმაურა. მან საბოტაჟის აღნიშნულ მცდელობას “უპრეცედენტო დანაშაული” უწოდა.
ცნობისთვის, პოლონეთში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალზე აფეთქება ორი დღის წინ მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ის რუსეთის სპეც. სამსახურების დავალებით მოქმედმა ორმა უკრაინელმა დაგეგმა და განახორციელა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა ქვეყანა უკვე დატოვეს და თავი ბელარუსს შეაფარეს. ვარშავის პროკურატურის განმარტებით, გამოძიება ტერორისტული მიზნით მოწყობილი საბოტაჟის მუხლითაა დაწყებული.




























