მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანას საკუთარი ატომური იარაღი უნდა ჰქონდეს

პოლონეთი

პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთის ფედერაციიდან მომავალი მზარდი საფრთხეებისაგან თავის დასაცავად და კრემლის აგრესიის შესაკავებლად ქვეყანამ ბირთვული იარაღის შექმნაზე დაიწყოს მუშაობა.

პოლონურ ტელეარხ Polsat News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პოლონეთის ლიდერმა თქვა, რომ ის განსაკუთრებით უჭერს მხარს არსენალში ატომური ბომბის დამატებას, რადგან მაშინ, როცა პირდაპირ მათ მოსაზღვრე სახელმწიფოში რუსეთია შეჭრილი, ვერაფერი იქნება უსაფრთხოების ისეთი გარანტი, როგორც ბირთვული იარაღი.

ნავროცკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი ამჟამად ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმომწერ სახელმწიფოთა შორისაა და ოფიციალურად არ აქვს მსგავსი იარაღის ქონის უფლება. თუმცა თქვა, რომ ოფიციალურმა ვარშავამ თუ იარაღის შექმნაზე მუშაობა არა, მისი შექმნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის აგებისა და მასალების მომარაგებისთვის დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მზადება, რათა მტერმა იცოდეს, რომ თუ ქვეყანას საფრთხე დაემუქრება, პოლონეთის ხელთ გამანადგურებელი იარაღი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ნავროცკის ინიციატივას წინ გასულ წელს პოლონეთში რუსული სამხედრო დრონების არაერთი უკანონო შეფრენა უძღოდა. ხელისუფლებას საკუთარი ამერიკული მოიერიშეების აფრენა და აეროპორტების დახურვაც მოუწია. იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური მოსკოვი დრონების NATO-ს ტერიტორიაზე აღმოჩენას შემთხვევითობას აბრალებს, ვარშავაში დარწმუნებული არიან, რომ კრემლი მსგავსი ნაბიჯებით მათ მოთმინებას ცდის. შეგახსენებთ, პოლონეთი NATO-ს წევრ სახელმწიფოებს შორის ერთადერთია, რომელიც საკუთარი მშპ-ს 5%-ს თავდაცვაზე უკვე ხარჯავს და ვიდრე დანარჩენი სახელმწიფოები ტრამპის ახალი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის ბიუჯეტის გაზრდას ცდილობენ, ვარშავა ხარჯების კიდევ უფრო გაზრდას არ გამორიცხავს. ბირთვული იარაღის შექმნას არა, თუმცა ფრანგული ატომური ქოლგის ქვეშ ოფიციალურად მოქცევას უჭერს მხარს ქვეყნის რეალური მმართველი, პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, რომელიც ამ საკითხზე ემანუელ მაკრონს უკვე არაერთხელ ესაუბრა. ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ბირთვული იარაღის შექმნაზე მხოლოდ პოლონეთი არ საუბრობს. თუ კაროლ ნავროცკი საფრთხეს რუსეთში ხედავს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი ატომური ბომბის შექმნის წინაპირობად ირანის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნას ასახელებს, თუმცა როგორც ოფიციალურ ანკარაში, ისე ვარშავაში, მსგავსი ვარიანტი ამჟამად მხოლოდ განხილვის ეტაპზეა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანმა ბირთვული გაუვრცელებლობის პაქტი დაარღვიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები