უზარმაზარი სამხედრო დანახარჯების ფონზე რუსეთის ეკონომიკური ზრდა წელს თითქმის შეჩერდა, ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტმა ლიმიტებს გადააჭარბა, ხელმისაწვდომი სავალუტო რეზერვები კი საგრძნობლად შემცირდა.
მიმდინარე წლის ბოლოსთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის მხოლოდ 0.6%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც პირველ კვარტალში დაფიქსირებულ ვარდნასა და მეორე კვარტალში დაფიქსირებულ მინიმალურ აღდგენას ეფუძნება. თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალური ზრდა 0%-თან უფრო ახლოს იქნება.
ცხადია, ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სახელმწიფო ბიუჯეტის მდგომარეობა წარმოადგენს. ბოლოს მონაცემებით, ბიუჯეტის დეფიციტმა წლიური მშპ-ის 2.8%-ს მიაღწია, რაც მთელი წლისთვის თავდაპირველად დაგეგმილ მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. ამასთან, ეროვნული კეთილდღეობის ფონდში არსებული ხელმისაწვდომი სახსრები მშპ-ის დაახლოებით 1.6%-მდე შემცირდა, რის გამოც კრემლი იძულებულია, დაფინანსება ადგილობრივი ბანკებიდან სესხების სახით მოიზიდოს. ამ ყველაფერთან ერთად, რუსულ სახელმწიფო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთმა 17%-ს მიაღწია, რაც ვალის მომსახურებას მკვეთრად აძვირებს.
ამას გარდა, ეკონომიკაზე დამატებით ზეწოლას ახდენს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის ცენტრალური ბანკი სამხედრო ხარჯებით გამოწვეულ ინფლაციასთან საბრძოლველად ინარჩუნებს. აღნიშნული 14%-იანი პოლიტიკა ყველაზე მძიმედ ბიზნესს ურტყამს, რადგან, სამხედრო-სამრეწველო კომპანიებისგან განსხვავებით, ადგილობრივ ბიზნესებს შეღავათიან კრედიტებზე წვდომა არ აქვთ. პარალელურად, თავდაცვის სექტორის დაფინანსების ძირითად წყაროდ რუსული ბანკების სესხები იქცა, რომლებიც ბიუჯეტის დეფიციტის ოფიციალურ სტატისტიკაში პირდაპირ არ აისახება და ჩრდილოვან სტატისტიკას წარმოადგენს.
და მაინც, ექსპერტები რუსეთის ეკონომიკის მყისიერ კოლაფსს არ ელოდებიან. ნავთობიდან მიღებული მაღალი შემოსავლები კრემლს ომის დაფინანსების შესაძლებლობას კვლავ აძლევს, თუმცა არსებული მოდელი ქვეყნის საგარეო ვალსა და საბიუჯეტო ტვირთს ეტაპობრივად ზრდის. საშუალოვადიან პერსპექტივაში ანალიტიკოსები რუსეთში ინფლაციის ზრდას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის სტაგნაციის დონემდე შენელებას ელიან, თუმცა ეს ფინანსური სისტემის კოლაფსისთვის საკმარისი არ იქნება.
























