მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლონეთს 2030 წლისთვის უფრო მეტი ტანკი ეყოლება, ვიდრე ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას ერთად - Euronews

პოლონეთი

პოლონეთს 2030 წლისთვის უფრო მეტი ტანკი ეყოლება, ვიდრე დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას ერთად. ამ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას პოლონეთსა და სამხრეთ კორეას შორის გაფორმებული შეთანხმება იძლევა, რომელიც 180 სამხრეთკორეული K2 ტიპის ტანკის შესყიდვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, გარიგების ღირებულება 6 მილიარდ ევროს აჭარბებს და პოლონეთის სამხედრო გაძლიერების მორიგ ეტაპს წარმოადგენს, რაც ძირითადად გამოწვეულია უკრაინაში მიმდინარე ომითა და ბელარუსის საზღვართან არსებულ კრიზისით, რომელიც 2021 წლიდან გრძელდება. ამჟამად, პოლონეთი თავდაცვაზე, მთლიანი შიდა პროდუქტის 4.7%-ს ხარჯავს, რაც ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გერმანიას, იტალიას, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს ჯამში 950 ტანკი ჰყავს. შეთანხმების სრულად განხორციელების შემდეგ, ნატოში მხოლოდ ორ ქვეყანას – თურქეთს (2,238 ტანკი) და საბერძნეთს (1,344 ტანკი) – ეყოლება პოლონეთზე მეტი ტანკი.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამხედრო მრეწველობისთვის.

პოლონეთმა სამხრეთ კორეასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა 2022 წელს დაიწყო, როდესაც მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ტანკების შეძენა "ორივე ქვეყნისთვის მოგებიან გარიგებად" შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთმა უკვე შეიძინა კორეული წარმოების K239 Chunmoo-ის რეაქტიული არტილერია, FA-50 ტიპის მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავები და K9 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები. გარდა ამისა, შეერთებული შტატებისგან ქვეყანამ უკვე მიიღო Abrams-ის ტანკები, Apache-ის შეტევითი ვერტმფრენები, HIMARS-ის არტილერია და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები