მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პოლონეთში მომხდართან რუსეთს კავშირი არ აქვს“ - პესკოვი

6374c0bd7e6b1
ვიქტორია მღებრიშვილი
16.11.22 15:14
503
„პოლონეთში მომხდარ ინციდენტთან რუსეთს კავშირი არ აქვს“, - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„პირველი: ჩვენ ისტერიული რუსოფობიური რეაქციის მომსწრენი გავხდით, რომელიც არანაირ რეალურ მონაცემებზე არ იყო დაფუძნებული. სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნები აკეთებდნენ განცხადებებს, ისე რომ მათ ზუსტად არ იცოდნენ რა მოხდა და რა გახდა ამის მიზეზი.

მეორე: ამგვარი რეაქცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არასდროს შეფასებებისას, რომლებსაც მდგომარეობის დაძაბვა შეუძლიათ, არასდროს არ უნდა იჩქაროთ. და მესამე: ჩვენ გვენდომებოდა, რომ ასეთი ემოციურად გადატვირთული რეაქცია, მაგალითად იმ შემთხვევაში მოგვესმინა, როდესაც Nord Stream-ის გაზსადენზე დივერსია მოხდა. მაშინ ასეთი რეაქცია არ ყოფილა, და იმის გარკვევა თუ ვინ დააორგანიზა ეს არავის უჩქარია“, - განაცხადა პესკოვმა.

მან ასევე დასძინა, რომ აშშ-სთან და NATO-სთან ურთიერთობისას ესკალაციის არანაირი მიზეზი არ არსებობდა.

„პოლონელებს ყველა შესაძლო რესურსი ჰქონდათ, რომ ეცნობებინათ, რომ საუბარი С-300 რაკეტის ნამსხვრევებს ეხებოდა და ყველა სპეციალისტი გაიგებდა, რომ ეს ვერ იქნებოდა რაკეტა, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალებთანაა კავშირში“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა.

მან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თავშეკავებულ პოზიციას გაუსვა ხაზი, რომელიც პოლონური მხარის ისტერიულ რეაქციისგან განსხვავდებოდა.

კითხვას იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის არ არსებობს შემთხვევაში პოლონეთში აღნიშნული ინციდენტიც არ მოხდებოდა, პესკოვმა უპასუხა, რომ ამ მოვლენებს შორის საერთო კავშირს ვერ ხედავს. „პოლონეთში მომხდარ ინციდენტთან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს. ამ შემთხვევაში საგნებს თავისი სახელი უნდა დავარქვათ“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის: 15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასობრივი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმები უკრაინის სამხედრო მართვის სისტემებზე და მასთან დაკავშირებულ ენერგოობიექტებზე მოხდა. 15 ნოემბრის საღამოს პოლონეთის მთავრობის სპიკერის პიოტრ მიულერის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა მოიწვია.

15 ნოემბრის საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთ-უკრაინის საზღვრის მახლობლად აფეთქება მოხდა და შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ეს იყო უკრაინის მიმართულებით ნასროლი ორი რუსული რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა. თუმცა პოლონურ მხარეს აღნიშნულ ფაქტში რუსეთის მონაწილეობა ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია. მოგვიანებით, 16 ნოემბრის დილას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა რუსეთის ტერიტორიიდან ყოფილიყო გასროლილი. შუადღისთვის კი მანვე განაცხადა, რომ სავარაუდოდ, პოლონეთში შემთხვევით ჩავარდა რაკეტა, რომელიც უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაისროლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები