ყველის მწარმოებელი კომპანიის „ჩიზუკა“ წარმოებას ამრავალფეროვნებს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ვიკა იობაძემ განაცხადა.
„ჩიზუკა“ ყველის წარმოების საოჯახო ბიზნესის შვილობილი კომპანიაა, რომელმაც საქმიანობა წალკის რაიონის, სოფელ სანთაში ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო. ქართულ ბაზარზე ახალგაზრდა მეწარმის პროდუქცია "ჩიზუკას" სახელით 1 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიას საკუთარი ფერმა აქვს და ასევე, რძეს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. "ჩიზუკას" ყველი იყიდება ონლაინ და ასევე, რამდენიმე სავაჭრო ქსელში, მათ შორის, "ფრესკოში".
ყველის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ რეალიზაციაში სექტემბრის თვის ბოლომდე პომიდვრის, გარგარის, კოწახურისა და სტაფილოს ფერი დაემატებათ. რაც შეეხება მარმარილოს ფერის ყველს, ის ამ ეტაპზე მხოლოდ გამოფენებზე იქნება წარმოდგენილი.
„სექტემბრიდან პომიდვრის, გარგარის, კოწახურისა და სტაფილოს ფერები დაგვემატება. რაც შეეხება მარმარილოს ფერის ყველს, ის ამ ეტაპზე მხოლოდ გამოფენებზე იქნება წარმოდგენილი და დავაკვირდებით, რამდენად მიიღებს მომხმარებელი. ახლა ველოდებით გამოფენა-გაყიდვას, რომ იქ გავაკეთოთ ამ ყველის ჩვენება. სექტემბრის ბოლოს კი, უკვე იმ სარეალიზაციო ობიექტებში იგეგმება შესვლა, რომელშიც უკვე ვართ წარმოდგენილი. ჩვენი პროდუქცია შედის ნიშურ მაღაზიებში, როგორიცაა "ყველის სახლი", "სუფრა" და ერთადერთი სუპერმარკეტის ქსელი, სადაც ვართ წარმოდგენილი, არის "ფრესკო". ასევე ქუთაისში, საგამოფენო სივრცე „სხვენი“.
ბაზარზე კონკურენცია ძალიან დიდია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ფერმა გვაქვს და ასევე ადგილობრივი მოსახლეობისგან ვიბარებთ, პროდუქციას რძისგან ვაწარმოებთ. თუმცა, ბაზარი რძის ფხვნილისგან წარმოებული ყველის ნაირსახეობითაა გაჯერებული. შესაბამისად, ჩვენი პროდუქციის ღირებულება, მისი შემადგენლობიდან გამომდინარე მაღალია“,- აცხადებს იობაძე.
მისივე ცნობით, მათი მთავარი სამიზნე ნიშური მაღაზიები თუ რესტორნებია. სარეალიზაციო ობიექტებთან ამ ეტაპზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ და წლის ბოლომდე ახალი ობიექტების დამატება იგეგმება.