მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„პოპულარიზაცია სჭირდება – ხელფასი დაბალი არ არის“ – ორთოიძე მშენებლობის კადრების დეფიციტზე

კადრები

"არსის" გენერალური დირექტორის, ბესო ორთოიძეს აზრით, სამშენებლო სექტორში კადრების დეფიციტის აღმოფხვრაზე კერძო სექტორი, სახელმწიფოსთან ერთად, მუშაობს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და სფეროს პოპულარიზაცია სჭირდება. ამის შესახებ ორთოიძემ "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

"გარკვეული ნაბიჯები იდგმება ბიზნესის მხრიდანაც, სახელმწიფოს მხრიდანაც, მაგრამ არაა იმ მასშტაბის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს და თან განვითარების ტენდენციას აჰყვეს, რადგან, რაც დრო გადის, უფრო მეტი კადრი გვჭირდება.

არ არის პოპულარული. ახალგაზრდები, ადრე რომ ყველა ბავშვს კოსმონავტობა და მეხანძრეობა უნდოდა, დღეს არავინ გეტყვის, რომ მშენებელი მინდა გამოვიდეო. სამწუხაროდ, არც სახელმწიფოს მხრიდან ხდება ამის პოპულარიზაცია. ხელფასები დაბალი არ არის, უბრალოდ პოპულარიზაცია სჭირდება", - ამბობს ორთოიძე.

ხელფასებზე საუბრისას "არსის" გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში არაერთი დეველოპერული პროექტი ხორციელდება, რის გამოც კვალიფიციური კადრი უმუშევარი არ დარჩება, თუ მუშაობის გაგრძელება ქვეყნის შიგნით მოინდომა.

"ჩვენ მშენებლობას სხვა კომპანია გვისრულებს, ჩვენივე ჯგუფში შემავალი. ბევრჯერ ჩამიხედავს ყოველთვიური ანაზღაურებისთვის, ამ სფეროში არ არის ფიქსირებული ხელფასი, არის გამომუშავებით და, საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით, ვისაც უწყვეტი პროცესი აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც წესი, მშენებლობაზე მიდიან, ერთწლიან პროექტზე და ერთი წელი სტაბილური შემოსავალი აქვთ, მერე შეიძლება, 2-3 თვე ახალ პროექტს დაელოდოს და წყვეტა ჰქონდეს. მაგრამ დღეს იმხელა მასშტაბი აქვს და იმდენი პროექტი ხორციელდება, თითქმის შეუძლებელია ვისაც მაღალი კვალიფიკაცია აქვს, რომ მოცდეს.

მაგის გააზრება არაა, ადამიანები ფიქრობენ, რომ წავლენ სხვა ქვეყანაში და იქ იმუშავებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ითვლიან სწორად, რომ სხვა ხარჯები ექნებათ, იქაურ ვალუტას უყურებდნენ და ანაზღაურება ლარში გადმოჰყავთ. ხშირადაა, რომ ისევ ბრუნდებიან და ისევ აქ ურჩევნიათ მუშაობა. სახელმწიფოს ფოკუსი რომ ჰქონდეს დღეს, მგონია რომ, რამდენიმე წელიწადში, ბიზნესის ჩართულობით, აღმოფხვრადია ეს საკითხი", - ამბობს ბესო ორთოიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები