დეველოპერული კომპანია "არსი", რუსთავსა და თბილისში ახალ საცხოვრებელ სახლებს ააშენებს - ჯამური ინვესტიცია 70 მილიონ დოლარამდეა.
როგორც BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” დეველოპერული კომპანია “არსის” გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა, ორივე პროექტს ესტონელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებენ.
მისი თქმით, კომპანიამ რუსთავში მიწის ნაკვეთი უკვე შეიძინა და ამ ეტაპზე განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) მომზადება მიმდინარეობს.
"რუსთავში მიწის ნაკვეთი ვიპოვეთ, შევიძინეთ და ახლა განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება მიმდინარეობს. ძალიან მალე, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან, ჩვენს ცნობილ კონცეფციას - „შენი სახლი რუსთავში“ - იხილავს როგორც ადგილობრივი, ისე ყველა დაინტერესებული მომხმარებელი“, - აღნიშნა ბესო ორთოიძემ.
როგორც „არსის“ გენერალურმა დირექტორმა განმარტა, რუსთავის პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი დოლარია, თუმცა შესაძლოა, შეიცვალოს.
რუსთავის გარდა, დეველოპერული კომპანია ახალი პროექტის დაწყებას თბილისშიც გეგმავს.
"თბილისშიც უკვე მიმდინარე წელს დავიწყებთ ახალ პროექტს სამგორში და ეს იქნება „შენი სახლი სამგორში 2“, რადგან ერთი საკმაოდ მასშტაბური და საინტერესო პროექტი უკვე განვახორციელეთ. ასევე განვიხილავთ, რომ მომავალ წელს კიდევ ერთ დამატებით პროექტს დავიწყებთ თბილისში. კონცეფცია იგივე გვაქვს, რაც აქამდე გვქონდა. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყოველი შემდეგი პროექტი უკეთესი იყოს, გამოვასწოროთ შეცდომები და გავითვალისწინოთ მომხმარებლისგან მიღებული უკუკავშირი”, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.
მისივე ინფორმაციით, „შენი სახლი სამგორში 2“-ის პროექტის ინვესტიცია 30-დან 40 მილიონ დოლარამდე მერყეობს.
























