სარბოლო ტრასებზე რეკორდების დამყარების პარალელურად, გერმანული Porsche ქართულ გზებზეც დომინირებს. მოქნილობის, კომფორტისა და ხარისხის გასაოცარ სინთეზს, როგორც ჩანს, ქართველი მომხმარებელიც აფასებს და ამას ყველაზე მკაფიოდ Porsche Centre Tbilisi-ის გაყიდვების მაჩვენებელი ცხადყოფს, რომელიც ერთ წელიწადში ფაქტობრივად გაორმაგებულია.
TECH INFORM-ში სტუმრობისას Porsche Centre Tbilisi-ის და Tegeta Cars-ის დირექტორმა, პეტრე წაქაძემ 2023 წელი შეაჯამა და გაყიდვების სტატისტიკაზე ისაუბრა.
„Porsche Centre Tbilisi მიმდინარე 2023 წელს ფანტასტიკურად ასრულებს! დაახლოებით 126%-იანი ზრდა გვაქვს, ანუ ორჯერ მეტი რაოდენობის ავტომობილების გაყიდვით ვასრულებთ წელს, ვიდრე 2022-ში.
გაყიდვების მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენს რეგიონში და ქვეყანაში ლიდერი არის SUV და პირველ ადგილზეა Cayenne, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ახალი მოდელი გამოვიდა და მასზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. გაყიდვებით მეორე ადგილზეა Macan და რაც ძალიან სასიხარულოა - სპორტული ავტომობილები, 911 და 718. საქართველოში Boxster, Cayman და Carrera ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ და წლიდან წლამდე ეს ტენდენცია კიდევ უფრო მეტად მზარდია“, - განაცხადა Porsche Centre Tbilisi-ის დირექტორმა, პეტრე წაქაძემ TECH INFORM-ის ეთერში.
მოგეხსენებათ, Porsche-ს სამოდელო რიგი მხოლოდ წიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებს არ მოიცავს და 2020 წლიდან მოყოლებული, გერმანული გიგანტის პორტფელში ელექტრომობილების ეტალონს, Taycan-საც შევხვდებით, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს 911-ის მოქნილობასთან და Panamera-ს კომფორტთან აერთიანებს. პეტრე წაქაძის განმარტებით, ბაზარზე გამოჩენის პირველივე დღიდან მოყოლებული, Taycan-ზე მოთხოვნა მაღალია და ეს ტენდენცია დღემდე ნარჩუნდება, უფრო მეტიც, წინა წელთან შედარებით Porsche-ს ელექტრომობილის გაყიდვებით 30%-ითაა გაზრდილი.
უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი წელს ახალი თაობის Macan-ის პრემიერა შედგება, რომელიც ასევე ელექტრონული იქნება და ის მომხმარებელს SUV-ის უნიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს. ამ სიახლის გარდა, მომავალ წელს Porsche-ს სამოდელო რიგში 4 ახალ ავტომობილს უნდა ველოდოთ და მათი შეკვეთა Porsche Centre Tbilisi-ში იქნება შესაძლებელი.