ბიზნესომბუდსმენის აპარატი 1 იანვრიდან გაუქმდა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას 2022 წლიდან ოთარ დანელია იკავებდა. ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე გადავიდა.
უკვე ყოფილმა ბიზნესომბუდსმენმა გასულ წელს ამ პოზიციაზე 80 701,5 ლარი აქვს აღებული. მისი მეუღლე მერი ჩიქობავა კი "112"-ის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზეა, სადაც გასულ წელს 97 904 ლარის ხელფასი აქვს აღებული.
უძრავი ქონება
ოთარ დანელიას ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2026 წლის 2 მარტს აქვს შევსებული. დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს დანელიას ნაყიდი აქვს თაბუკაშვილის ქუჩაზე 5 კვ.მ ფართობის სარდაფი 1500 აშშ დოლარად.
რაც შეეხება სხვა ქონებას, 2022 წელს ყოფილი ბიზნესომბუდსმენს 84,3 კვ.მ ბინა აქვს ნაყიდი 148 000 აშშ დოლარად ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, ასევე 12 კვ.მ ავტოფარეხი ამავე ქუჩაზე, ხოლო თბილისში, გაზდელიანის I შესახვევში 30 000 ლარად 880 კვ.მ მიწის ნაკვეთი აქვს შეძენილი. ამავე წელს, ბიზნესომბუდსმენის მეუღლის მერი ჩიქობავას სახელზე ფიქსირდება 11 500 ლარად Jaguar-ის მარკის ავტომანქანა.
ოთარ დანელიას 2023 წელს ნაყიდი აქვს 411,8 აშშ დოლარის “პორშეს” (Dr Ing hc FP AG) 5 აქცია. ამასთან, ყოფილ ბიზნესომბუდსმენს გასულ წელს გაყიდული აქვს ავტომობილი 76 300 ლარად.
დანაზოგი და საჩუქრები
ასევე, მას ნაღდი ფულის სახით 40 000 აშშ დოლარის ოდენობის დანაზოგი აქვს მითითებული, მის მეუღლეს კი 15 000 ევროს ოდენობის ნაღდი ფული.
მშობლისგან კი მიღებული აქვს 14 600 ლარის, 19 500 აშშ დოლარის და 1450 ევროს ოდენობის საჩუქარი.
სამეწარმეო საქმიანობა
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ოთარ დანელია არაერთ ბიზნესში მონაწილეობს, მათ შორის 2024 წელს ის Duty Free სექტორის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშის "დიუთი ფრი ალიანსის" 10%-ის მფლობელი გახდა. კომპანიის წლიური შემოსავალი 50 მილიონ ლარს აჭარბებს.
გარდა ამისა, დანელია რამდენიმე კომპანიაშია ჩართული:
- შპს Sky Motors – 25%-იანი წილის მფლობელი;
- შპს ექსტრა სპეისი – 100%-იანი წილის მფლობელი;
- შპს სმარტ ჰაუსი – 100%-იანი წილის მფლობელი;
- შპს ლისი ცენტრი – 33%-იანი წილის თანამესაკუთრე;
- შპს გრეისტოუნი – 100%-იანი წილის მფლობელი;
- გარდა ამისა, „გრეისტოუნი“ , რომელიც „Duty Free Alliance“-ში, 10%-იან წილს ფლობს.
სესხები და ფინანსური გარიგებები
დეკლარაცია ასახავს მსხვილ ფინანსურ ოპერაციებსაც:
- დანელიამ გასცა 557 100 დოლარის სესხი საკუთარ კომპანიაზე („გრეისტოუნი“), საიდანაც ნაწილობრივი შემოსავალი უკვე დაფიქსირდა 94463 ლარის ოდენობით.
- ასევე ოთარ დანელიას გაცემული აქვს სესხები „სმარტ ჰაუსისთვის“ (100 000 USD), „ექსტრა სპეისისთვის“ (500 000 GEL). “სმარტ ჰაუსისთვის” გაცემული სესხიდან გასულ წელს შემოსავლის სახით უფიქსირდება 4000 აშშ დოლარი, “ექსტრა სპეისისთვის” გაცემული სესხიდან კი 39 100 ლარის შემოსავალი.
- პირიქით, თავადაც სესხით სარგებლობდა – 515 000 ლარის იპოთეკური სესხი „თიბისი ბანკიდან“, რისთვისაც გადახდილი აქვს გასულ წელს 110 605 ლარი.
ოთარ დანელიას თიბისის საბარათე ანგარიშზე 20 509 ლარი აქვს, მის მეუღლეს კი „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე 2545 ლარი უფიქსირდება.
რაც შეეხება ხარჯებს, მის მეუღლეს ნივთის საფასურად გასავალის სახით მითითებული აქვს 3298 ევრო.




























