2024 წლის 1-ლი თებერვლიდან ძალაში შევიდა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება, რომლითაც ადგილობრივი მოსაკრებლის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა საკონტეინერო მოსაკრებელი. დღეის მდგომარეობით, საკონტეინერო მოსაკრებელი შემოღებულია მხოლოდ ფოთის მუნიციპალიტეტში და მისი ოდენობა ერთი კონტეინერისათვის 30 ლარს შეადგენს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი. კანონის შედეგად მობილიზებული სახსრები არა ცენტრალურ არამედ ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში მიიმართება, შესაბამისად, მისგან შემოსავალს სწორედ საპორტო მუნიციპალიტეტები მიიღებენ.
ამის პარალელურად, საქართველოს პორტებში მოძრაობის წესების, ასევე უსაფრთხოების ნორმებისა და ზღვის დაბინძურების ფაქტებზე ჯარიმები მკაცრდება - ამას ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაიწყო.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, წარდგენილი ცვლილებები თანხვედრაშია 2018 წლის 31 დეკემბერს მიღებულ დადგენილებასთან, რომელიც საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოში მდებარე ნავსადგურების უშიშროების წესებს განსაზღვრავს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები არამხოლოდ გემების, არამედ ნავსადგურების ოპერატორების პასუხისმგებლობასაც შეეხება, რათა მათ სივრცეში უსაფრთხო საზღვაო მიმოსვლა იყოს გარანტირებული. ამ წესების დარღვევისთვის კი ჯარიმები პორტებისთვისაც არის განსაზღვრული.
ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 114-ე მუხლში, რომელიც ამჟამად 5 პრიმა მუხლისგან შედგება, კანონში შესატანი ცვლილებებით თითქმის ყველა მიმართულებით ორმაგდება ჯარიმის ზედა ჭერი, ხოლო პრიმა მუხლების რაოდენობა 5-დან 16-მდე იზრდება შესაბამისად ფართოვდება იმ დარღვევათა არეალი, რომლისთვისაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება.
მაგალითად, ამჟამად საზღვაო ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევა 5,000 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს, კოდექსში შესატანი ცვლილებებით კი 10,000 ლარის ჯარიმა განისაზღვრება. ასევე მკვეთრად ფართოვდება სხვა დარღვევების ჩამონათვალიც, რომლისთვისაც ჯარიმებია დაწესებული.
სტუმარი: გივი ჩაჩანიძე - COSCO SHIPPING LINES-ის კომერციული მენეჯერი
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად