მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პორტის დატვირთულობა მაღალია, უკვე გადავედით მეორე ფაზის მშენებლობაზე - Tbilisi Dry Port

თბილისის მშრალი პორტი

თბილისის მშრალი პორტის დატვირთულობა მაღალია და მალე 100%-ს მიაღწევს - ამის შესახებ ინტერმოდალური ლოგისტიკური ცენტრის გენერალური დირექტორი, ნინო ნემსაძე აცხადებს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მაღალი დატვირთულობიდან გამომდინარე პორტმა უკვე დაიწყო გაფართოების მეორე ფაზაზე მუშაობა, რომლის განხორციელების შედეგად ლოგისტიკური ცენტრის ყოველწლიური გამტარუნარიანობა 100 000 კონტეინერიდან 200 000-მდე გაიზრდება. ნინო ნემსაძის განცხადებით, პორტის მეორე ფაზის გახსნა მომავალ წელს იგეგმება.

“თბილისის მშრალი პორტი ჯერ კიდევ ახლად გახსნილია, მაისში სატესტო ფორმით გავიხსენით, ცოტა მოგვიანებით უკვე გვქონდა ოფიციალური გახსნის ცერემონიალი, რომლის შემდეგაც აქტიურად დაიწყო ჩვენი ოპერირებაც. დღევანდელი მდგომარეობით პორტი ფაქტობრივად გადატვირთულია, საკონტეინერო მოედანი სავსეა, დახურული საწყობიც თითქმის სავსეა. გახსნის დღიდან დაწყებული, ჩვენ დავიწყეთ გაფართოების კონცეფციაზე მუშაობა, დღეს უკვე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს მეორე ფაზისთვის, რომლის გახსნასაც მომავალ წელს ვგეგმავთ. მეორე ფაზის გახსნის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, რომ წლიურად 200 000-მდე TEU კონტეინერი გავატაროთ, დაგვემატება მეორე, საკმაოდ დიდი დახურული საწყობი, გაფართოვდება კიდევ საკონტეინერო მოედანი და ვფიქრობთ, რომ ჩვენს სიტყვას ვიტყვით, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის და უკვე ძალიან მნიშვნელოვანი შუა დერეფნის განვითარებაშიც.

დღეისთვის 100 000-მდე კონტეინერის დამუშავების შესაძლებლობა აქვს პორტს წლიურად, 100%-იან დატვირთვაზე ჯერ არ ვართ, თუმცა ტვირთბრუნვის ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით, ძალიან მალე მივაღწევთ 100%-იან დატვირთვას, ამიტომაც დავიწყეთ უკვე მეორე ფაზის კონცეფციაზე და განვითარებაზე მუშაობა”, - აღნიშნა ნინო ნემსაძემ.

"თბილისის მშრალ პორტში” აცხადებენ, რომ ინტერმოდალურ ლოგისტიკურ ცენტრში შესული ტვირთები მრავალფეროვანია.

„პორტში სხვადასხვა სახის ტვირთები გვაქვს. არის მშრალი, ნებისმიერი ტვირთი, რომელიც კონტეინერით გადაზიდვის შესაძლებლობას იძლევა, მიმართულებებიც მრავალფეროვანია. არის როგორც იმპორტის რეჟიმი, ისე არის ასევე სატრანზიტო, გვაქვს შემთხვევები დასავლეთიდან აღმოსავლეთით მიმავალი ტვირთების, რომლებიც დროებით საწყობდება, ასევე აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიმავალი ტვირთების, ისევე როგორც საქართველოს ბაზრისთვის იმპორტირებული ტვირთების”, - აღნიშნა ნინო ნემსაძემ.

ცნობისთვის, გასულ წელს არაბული „აბუ დაბი პორტს გრუპი“ (AD Ports Group) „თბილისის მშრალი პორტის“ 60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორი გახდა. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ინვესტიციამ 20 მლნ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები