მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პორტები 17.1 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა, რკინიგზა - 12.4 მლნ ტონას | 10 თვის სტატისტიკა

მატარებელი ვაგონი ბენზინი საწვავი ნავთობი

2026 წლის 10 თვეში საქართველოს პორტებისა და რკინიგზის დატვირთვა გაიზარდა - იანვარ-ოქტომბრის სტატისტიკურ მაჩვენებელს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად 17.1 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ეს რიცხვი ბოლო ათწლეულის განმავლობაში წლის პირველი 10 თვის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამავე პერიოდში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 690,535 TEU შეადგინა , 10%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის შესაბამის პერიოდში, რაც პირველი 10 თვის ჭრილში დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმია.

ამავე პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში/ტერმინალებში შემოვიდა 1,551 გემი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-იან ზრდას წარმოადგენს.

2026 წლის პირველ 10 თვეში რკინიგზით ჯამურად 12.4 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%-ით მეტია. აღნიშნულმა ბოლო 12 წლის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საკონტეინერო გადაზიდვები 17%-ით გაიზარდა.

2026 წლის 20 ივნისი - 31 ოქტომბრის პერიოდში, როდესაც ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა სრულ ექსპლუატაციაში ჩაეშვა, ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55%-ით გაიზარდა.

საავტომობილო ტრანსპორტის (ტრაილერების) მეშვეობით კი პერიოდის განმავლობაში 13.3 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წლიურად 5%-ით არის გაზრდილი.

ზრდის დინამიკა შენარჩუნდა სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით. 2026 წლის იანვარი - ოქტომბერში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 38.3 ათას ტონა ტვირთს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-იან ზრდას წარმოადგენს და პირველი 10 თვის ჭრილში ისტორიულად რეკორდული მაჩვენებელია.

ამავე პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 7.4 მლნ მგზავრს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია და ასევე პირველ 10 თვეში ისტორიულად რეკორდული მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები