მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალია მატჩების მასპინძელი ქვეყანა არ არის, 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატიდან მან შესაძლოა 945 მილიონ ევრომდე შემოსავალი მიიღოს. ამას პორტუგალიის მარკეტინგის ადმინისტრირების ინსტიტუტის (IPAM) კვლევა აჩვენებს, რომელმაც პორტუგალიის ეკონომიკაზე ტურნირის პოტენციური გავლენა შეაფასა.
კვლევა ფეხბურთის ეკონომიკურ მოდელში სტრუქტურულ ცვლილებაზე მიუთითებს და ამტკიცებს, რომ მისი გავლენა აღარ არის დამოკიდებული გეოგრაფიაზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად შეუძლიათ გულშემატკივრებს, ბრენდებსა და მედიას მატჩებამდე, მათ მსვლელობისას და შემდგომ პერიოდში ღონისძიების რეზონანსის გაზრდა.
IPAM-ის სპორტული მარკეტინგის კვლევითი ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზი ეკონომიკურ ეფექტს 378 მილიონიდან 945 მილიონ ევრომდე აფასებს, რაც პირდაპირ არის დამოკიდებული პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შედეგებზე.
ყველაზე დაბალი შეფასება, რომელიც 378 მილიონ ევროს შეადგენს, იმ სცენარს ასახავს, სადაც პორტუგალია ჯგუფური ეტაპიდან ვარდება. შუალედურ სცენარში, თუ გუნდი მერვედფინალში გავა, გავლენა შესაძლოა 561 მილიონ ევრომდე გაიზარდოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალია ჩემპიონატს მოიგებს, ეს მაჩვენებელი 945 მილიონ ევროს მიაღწევს.
კვლევის თანახმად, პროგნოზირებული ზრდა ოთხი ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული: გაზრდილი მსყიდველობითი უნარი; ტურნირის ეკონომიკურად ძლიერ ბაზრებზე (აშშ, კანადა და მექსიკა) ჩატარება; მსოფლიო ჩემპიონატის გაფართოება 48 გუნდამდე და 104 მატჩამდე; და ციფრული ეკონომიკის, როგორც ახალი ღირებულების წყაროს, კონსოლიდაცია.
IPAM-ის სპორტული მარკეტინგის კვლევითი ჯგუფის განცხადებით, ამ ტურნირმა შესაძლოა პორტუგალიის ისტორიაში ქვეყნის გარეთ ჩატარებულ სპორტულ შეჯიბრებასთან ასოცირებული "ყველაზე დიდი ეფექტი გამოიწვიოს".
"პორტუგალიას არ სჭირდება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის მისაღებად. კვლევა აჩვენებს, რომ ფეხბურთის ფასეულობა აღარ არის კონცენტრირებული სტადიონსა თუ მასპინძელ ქვეყანაში. დღეს გავლენას ქმნის მოხმარება, ყურადღება, ციფრული ინტერაქცია და გულშემატკივრების უნარი, გაზარდონ ღონისძიების მასშტაბები," - აღნიშნა IPAM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანიელ სამ განცხადებაში.
შედარებისთვის, ევრო 2016-მა, რომელიც პორტუგალიამ მოიგო, 609 მილიონი ევროს ეკონომიკური ეფექტი მოიტანა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის კვლევის მაქსიმალური პროგნოზი ამ ციფრს 300 მილიონ ევროზე მეტით აჭარბებს.
მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრის დანახარჯები შესაძლოა 40-დან 3 500 ევრომდე მერყეობდეს
კვლევა აჩვენებს, რომ გულშემატკივრები ეკონომიკისთვის ახალ და ძალიან მნიშვნელოვან აქტივად იქცნენ. რიგითი გულშემატკივარი, რომელიც ფეხბურთს მხოლოდ პერიოდულად უყურებს, ტურნირის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკას 40-დან 70 ევრომდე მოუტანს.
მეორე მხრივ, არიან ძალიან აქტიური გულშემატკივრები, რომლებიც მუდმივად იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს. მათმა დანახარჯმა შეიძლება 3 500 ევროსაც კი მიაღწიოს. ამას ისინი აკეთებენ მუდმივი შესყიდვებით, სხვადასხვა პლატფორმაზე აქტიურობით, სოციალურ ქსელებში ჩართულობით და იმითაც, რომ ფულის დახარჯვისკენ სხვა ადამიანებსაც უბიძგებენ.
მართალია, ფულის უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 77%) ტრადიციულ დანახარჯებზე მოდის (მაგალითად, საკვები ან ტანსაცმელი), მაგრამ ციფრული სამყაროს წილი უკვე 23%-ს შეადგენს. ეს მოიცავს სტრიმინგ პლატფორმებს (ონლაინ ყურებას), სოციალურ ქსელებსა და თავად მომხმარებლების მიერ შექმნილ კონტენტს.
თუ დანახარჯებს დავყოფთ, ყველაზე დიდი წილი (26%) საოჯახო მოხმარებაზე მოდის. შემდეგ მოდის რესტორნები და კვება (15%) და რეკლამა და მედია (14%).
რაც შეეხება ციფრულ დანახარჯებს: 10% ონლაინ ყურებაზე (სტრიმინგსა და OTT პლატფორმებზე) მოდის, 7% სოციალურ ქსელებზე, ხოლო 6% - ე.წ. "კონტენტის ეკონომიკაზე" (ონლაინ კონტენტის შექმნასა და გაყიდვაზე).
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ საკოლექციო ბარათები, სტიკერები (5%) და მერჩენდაიზინგი (მაისურები, აქსესუარები - 4%) გულშემატკივრებში დიდ ემოციებს იწვევს და ხშირად დაუგეგმავ, იმპულსურ შესყიდვებს ახალისებს. ასევე დიდი წილი აქვს ფსონების დადებასაც (6%).
საინტერესოა, რომ უშუალოდ მოგზაურობაზე საერთო დანახარჯების მხოლოდ 4% მოდის. ეს იმიტომ ხდება, რომ ტურნირი ევროპის გარეთ (ამერიკის კონტინენტზე) ტარდება და, როგორც კვლევა ამტკიცებს, დღეს ეკონომიკური სარგებლის მისაღებად სტადიონზე ფიზიკურად დასწრება აღარ არის აუცილებელი.
ინსტიტუტის აზრით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კარგ მაგალითს მისცემს ბრენდებსა და მედიას, რაც განსაკუთრებით გამოადგებათ 2030 წელს, როცა პორტუგალია თავად იქნება ტურნირის თანამასპინძელი.
კვლევის მთავარი დასკვნა ასეთია: მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა თავისთავად აღარ ნიშნავს დიდ შემოსავალს. ფულს ის იშოვის, ვინც უფრო კარგად გამოიყენებს ციფრულ შესაძლებლობებს და შეძლებს გულშემატკივრების ჩართვას ტურნირამდე, მის დროს და შემდეგაც.




























