პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მდებარე ქართული რესტორანი Treestory ადგილობრივებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ბიზნესი ქართველი ემიგრანტის, სოფიო ოსიპოვასა და მისი ოჯახის მფლობელობაშია და 2018 წლიდან პორტუგალიის ბაზარზე წარმატებით ოპერირებს.
ოსიპოვას BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ Treestory პორტუგალიაში პირველი ქართული რესტორანია, სადაც სტუმრებს ტრადიციული ქართული გემოების გასინჯვა შეუძლიათ.
„პირველები ვიყავით, ვინც ქართული რესტორანი ლისაბონში გავხსენით, პირველი ხაჭაპური პორტუგალიაში ჩვენს რესტორანში გამოაცხვეს. მენიუ აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კერძებს - იმერეთიდან, სვანეთიდან, კახეთიდან და აჭარიდან.
რესტორანი მთლიანად ქართული კონცეფციისაა - ბებიის სტილის სამზარეულოთი. ინტერიერში კი თავიდანვე ჩავრთეთ ციტრუსის ხეები, რომლებიც სოხუმს უკავშირდება“, - ამბობს ოსიპოვა.

მისი თქმით, პროექტის პირველადი ინვესტიცია დაახლოებით 250 000 – 300 000 ევროს შეადგენდა. დღეს რესტორანი სრული დატვირთვით 120–130 სტუმარს ემსახურება და მაღალი მოთხოვნის გამო ხშირად რამდენიმე კვირით ადრეა დაჯავშნილი.
"სტუმარზე საშუალო ხარჯი 25–30 ევროა, რაც პორტუგალიური ბაზრისთვის საშუალოზე მაღალი სეგმენტია. რესტორანში 25-მდე თანამშრომელს ვასაქმებთ, რომელთა შორის ქართველებიც არიან.
8 წლის განმავლობაში 10%-იანი ზრდა გვაქვს. ვმუშაობთ მხოლოდ ლოკალურ პრემიუმ ხარისხის ხორცხზე და პროდუქტებზე. მოგეხსენებათ, პორტუგალია ღვინის ქვეყანაა და ამიტომ, მომხმარებელს ქართული და პოტუგალიური ღვინის საუკეთესო სახეობებს ვთავაზობთ“, - თქვა მან.
ოჯახის მფლობელობაშია კიდევ ერთი ქართული ობიექტი - Nady Bistro, რომელიც სახლის ტიპის რესტორანია და ერთდროულად 40 სტუმრის მიღებას ახერხებს.
სოფიო ოსიპოვას თქმით, ობიექტში ასევე სრულად ქართული სამზარეულოა წარმოდგენილი და ეს რესტორანიც პოპულარობით არ ჩამორჩება Treestory-ს.
„პორტუგალიელებს სიახლეები არ უყვართ და ფრთხილად ეკიდებიან ცვლილებებს, ამიტომ ახალ იდეებს ეტაპობრივად, ტაქტიკურად ვნერგავთ. გაფართოება ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან სივრცე ზუსტად არის გათვლილი, თუმცა, მომავალში თუ გავფართოვდებით, ეს უკვე ახალი შენობა და ახალი ისტორია იქნება, თუმცა არა ქართული რესტორანი“, - აღნიშნავს ოსიპოვა.




























