პორტუგალიის პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სუსამ სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა და მას “საბჭოთა, რუსული აქტივი” უწოდა. დე სუსა თვლის, რომ ამერიკის პრეზიდენტს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩამოუყალიბებელი პოზიცია აქვს.
პორტუგალიის პრეზიდენტმა ტრამპის შესახებ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიებაზე ისაუბრა. მან ამერიკელი კოლეგა რუსეთისაკენ მიმხრობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი რუსეთისთვის სანქციების დაწესების მაგივრად, უკრაინის კრიტიკითაა დაკავებული.
დე სუსა მიიჩნევს, რომ ტრამპის მიერ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მოკავშირის მხარდაჭერის მაგივრად არბიტრის როლის მორგება არასწორია.
პორტუგალიის პრეზიდენტმა ტრამპის პოლიტიკური იდეოლოგიის გავლენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპა “ტრამპიზმისთვის” სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. ამან კი, ქვეყნები დამატებითი საფრთხის წინაშე დააყენა. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტმა ამერიკის მიერ მოკავშირეებთან შეცვლილ დამოკიდებულებაზე და იზოლაციონიზმზე გაამახვილა ყურადღება.
დე სუსამ უკრაინისა და ევროპული ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, არ მისცენ ტრამპს უფლება, მოლაპარაკების პროცესში არბიტრის პოზიცია შეინარჩუნოს, რადგან “ის რუსეთისკენ იხრება და დასავლური ინტერესების დაცვას არ აპირებს”.




























