მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პოსტკრიზისული პერიოდი ყველაზე მძიმეა“ - სავალუტო ჯიხურების ასოციაციის პროგნოზი

5ed60bbfcd3b6
ვიქტორია მღებრიშვილი
03.06.20 09:45
1391
უსაფრთხოების კუთხით გაზრდილი მოთხოვნები ჩვენს არსებულ ხარჯებს, დაახლოებით, 5%-ით ზრდის, - ამის შესახებ BM.GE-ის სავალუტო ჯიხურების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ გრიგალაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან ამოქმედდება, თუმცა როგორც შეძლებენ ისინი გრძელვადიან პერიოდში ოპერირებას, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გრიგალაშვილი ამბობს, რომ უსაფრთხოების ნაწილში გაზრდილი ხარჯი არ იქნება კოლოსალური, თუმცა შემცირებული შემოსავლების ფონზე კომპანიებზე მაინც ნეგატიურად აისახება და, შესაძლოა, გაკოტრებამდეც მიიყვანოს.

„უსაფრთხოების კუთხით გაზრდილი მოთხოვნები ჩვენს არსებულ ხარჯებს, დაახლოებით, 5%-ით ზრდის. ეს არ არის კოლოსალური თანხები, თუმცა მაშინ როდესაც  ქვეყანაში მოძრაობა შემცირებულია, ბრუნვის იმ ნიშნულს მაინც ვერ დავუბრუნდებით, რაც კრიზისამდე გვქონდა; შესაბამისად, ბიზნესში შემოსავალი მოიკლებს, ხარჯი კი გაიზარდება. გრძელვადიან პერსპექტივაში, არსებული რეალობა რომ დარჩეს, ეს ჩვენს ბიზნესზე ნეგატიურად აისახება, რაც გაკოტრების წინაპირობაა. ეს ბევრს ელოდება.

პოსტკრიზისული პერიოდი ყველაზე მძიმეა. აქამდე რაც იყო, არაფერია. ჯერ, პირველ რიგში, უნდა გავიხსნათ, რომ უფრო მეტად ზუსტი ანალიზი დავდოთ, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენად შემცირებული იქნება ბრუნვები, რა მასშტაბით და ა.შ. მაგალითად, სესხის გამცემ სუბიექტთა ნაწილში ძალიან რთულად არის მდგომარეობა; თუ მოსახლეობის მდგომარეობა რთულად არის, მაშინ ფინანსური ორგანიზაციის მდგომარეობაც რთულდება. რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს, რომ იქნება კლება, მაგრამ რამდენი პროცენტით და როგორ, ეს გახსნიდან 1 კვირაში გამოჩნდება“, - ამბობს ვახტანგ გრიგალაშვილი.

სავალუტო ჯიხურების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიზნეს სუბიექტები თავიდან ამოქმედდებიან, თუმცა ვინ განაგრძობს შემდგომში ოპერირებას და ვინ გავა ბაზრიდან, ეს მომხმარებელთა მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული. მისი თქმით, ჯიხურების ნაწილი ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ არ გაიხსნება.

„თავდაპირველად ალბათ ყველა გაიხსნება და შემდგომ უკვე მოხდება გადახედვა. გარდა ხარჯვითი ნაწილის ზრდისა ბიუროკრატიული საკითხიც დგას, იმიტომ რომ იქ ჟურნალებია შესავსები და ძალიან დაბალბიუჯეტიანი სავალუტო ჯიხურები შეიძლება აღარც გაიხსნას. ზოგიერთმა მათგანმა, ხანგრძლივი უმოქმედობის გამო, საიჯარო ფართები უკან ჩააბარა, რადგან ვერ იხდიდა გადასახადს. ასეთი ფაქტები, სავარაუდოდ, იქნება. ეს იქნება დამაზიანებელი ქვეყნისთვის მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობის დონე მატულობს, ყოველი ერთი უმუშევრად დარჩენილი კაციც კი ნეგატიურად იმოქმედებს საერთო სურათზე“, - განაცხადა ვახტანგ გრიგალაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები