მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოტენციურად რა თანხა შეუძლია მიიღოს სახელმწიფომ საკუთრების პრივატიზებით? - ლაშა ხუციშვილის პასუხი

ლაშა ხუციშვილი

2026 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან ₾350 მილიონის შემოსავალს მიიღებს, ხოლო ჯამური თანხა, რომელიც სახელმწიფომ ქონების კერძო პირთა მფლობელობაში გაცემით შეიძლება პოტენციურად მიიღოს, დათვლილი არ არის - ამის შესახებ პარლამენტში, "ოცნების" მთავრობის ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, 2026 წლის ბიუჯეტის მეორე მოსმენით წარდგენისას ისაუბრა.

სახელმწიფოს საპრივატიზაციო პოტენციალზე მინისტრს კითხვა დეპუტატმა ლადო კახაძემ დაუსვა.

"საპრივატიზაციო რესურსი ბიუჯეტში არის ₾350 მილიონი - საერთოდ სახელმწიფოს ეს რესურსი რამდენი გააჩნია? რა საკუთრება არსებობს, რომელიც ელოდება პრივატიზაციას. რაც მალე მოიცილებს სახელმწიფო ამ ვალს და კერძო ხელში აღმოჩნდება, მით უკეთესი იქნება მისი კაპიტალიზაციის კუთხით. თუ არის ეს შესწავლილი?" - განაცხადა კახაძემ.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ჯამური თანხა დათვლილი ჯერ არ არის, თუმცა არსებობს მზაობა, რომ სხვადასხვა უწყებამ ამ ტიპის შეფასებაში მონაწილეობა მიიღოს.

"ბუნებრივია, ბიუჯეტში [პრივატიზაციით მიღებული] თანხის განსაზღვრა ხდება იმ ისტორიული შემოსავლებიდან გამომდინარე, რაც, წლების განმავლობაში, პრივატიზაციის შედეგად შემოდის და 2026-იც არ არის ამ მხრივ გამონაკლისი. ბევრად ფართოა კითხვა, რომელიც თქვენ დასვით, ბატონო ლადო, იმის შესახებ, რომ უნდა მოხდეს შეფასება და ბუნებრივია, ასეთი ტიპის პოტენციალის შეფასების ნაწილში, შესაბამისი დარგობრივ სამინისტროსთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, მზად ვართ მივიღოთ ასეთი ტიპის შეფასებაში მონაწილეობა", - უპასუხა ხუციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები