მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციის, PowerPoint-ის ერთ-ერთი შემქმნელი, ამერიკელი დენის ოსტინი 76 წლის ასაკში, ფილტვის სიმსივნისგან გარდაიცვალა, - ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.
დენის ოსტინი პროფესიით კომპიუტერული ინჟინერი იყო, რომელმაც განათლება MIT-სა და კალიფორნიის უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო მოგვიანებით, პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანია Forethought-ს შეუერთდა, სადაც რობერტ გასკინსთან ერთად PowerPoint-ი შექმნა. აპლიკაციის გამოშვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, Forethought-ი ბილ გეიტსის Microsoft-მა შეიძინა.
ბოლო წლებს თუ არ ჩავთვლით, როცა ბაზარზე Canva-ს მსგავსი ალტერნატივები გაჩნდა, პრეზენტაციების გასაკეთებელ პროგრამებს შორის PowerPoint-ი უდავოდ ერთ-ერთი გლობალური ლიდერი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის მიმართ სკეპტიკური განწყობებიც ვრცელდება. ჯეფ ბეზოსმა, მაგალითად, Amazon-ში PowerPoint-ის გამოყენება აკრძალა და მოგვიანებით, ამ გადაწყვეტილებას ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა. სტივ ჯობსი კი, ამბობდა, რომ ადამიანს, რომელმაც იცის, რაზე საუბრობს, PowerPoint-ის გამოყენება არ სჭირდება. საინტერესოა, რომ 2003 წელს, PowerPoint-თან დაკავშირებით მსოფლიოში ერთგვარი პანიკა დაიწყო, რადგან ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ამ პროგრამას გონების შეზღუდვა, კომუნიკაციის უნარების დაქვეითება და დროის გაფლანგვა შეუძლია.
დღესაც კი, PowerPoint-ი Microsoft-ის პროდუქტიულობის პროგრამებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებულია, რომელსაც, ცოტა ხნის წინ, ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალი დაემატა.
შეგახსენებთ, რომ Microsoft-ი მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.4 ტრილიონს აღემატება.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.