"პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, რომ მომდევნო დღეებში მანდარინის ექსპორტი საგრძნობლად გაიზრდება", - ამის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელ საწარმოებში იმყოფებოდა და ციტრუსის საწარმოო პროცესს გაეცნო.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ექსპორტირებულია 20 000 ტონამდე მანდარინი, რომლის საერთო ღირებულება 12 მილიონ დოლარს შეადგენს.
"ეს შედეგი ცხადყოფს, რომ ციტრუსის სეზონი შეუფერხებლად მიმდინარეობს და ქართული მანდარინი წარმატებით რეალიზდება, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ პროცესში აქტიურად ვართ ჩართული, რათა ფერმერებს შეუფერხებელი რეალიზაციის პირობები შევუქმნათ. პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, რომ მომდევნო დღეებში მანდარინის ექსპორტი საგრძნობლად გაიზრდება. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით გადამუშავდა 12 ათას ტონამდე არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც 4 მილიონ ლარამდე სუბსიდია გაიცა. ყოველივე ზემოთ აღნიშნული პირდაპირ აისახება, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ისე მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
სტანდარტული მანდარინის მიმღები საწარმო შპს "იბერია ორბი ციტრუსსა" და არასტანდარტული მანდარინის მიმღებ შპს Georgian industrial Asset Management Group-ში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად იმყოფებოდა.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული (სამრეწველო გადამუშავების) მანდარინის სუბსიდია წელს 35 თეთრი იქნება, დამატებით 5 თეთრს კი გადამმუშავებელი საწარმო გადაიხდის, რაც საერთო ჯამში 40-თეთრიან ფასს განსაზღვრავს.




























