დედამიწის შემდეგ, მაღალი მოდის ინდუსტრია კოსმოსის დასაპყრობად ემზადება. კაცობრიობა, როგორც ცნობილია, Artemis III-ის მისიის ფარგლებში მთვარეზე დასაბრუნებლად ემზადება, ხოლო ასტრონავტებს, რომლებიც დედამიწის თანამგზავრზე ფეხს 1972 წლის შემდეგ პირველად დადგამენ, განსაკუთრებული კოსმოსური სკაფანდრი ეცმევათ, რომელზედაც ამერიკულმა კომპანია Axiom Space-მა იტალიური მაღალი მოდის სახლთან, Prada-სთან კოლაბორაციით შექმნა. გამოდის, რომ ამიერიდან, ეშმაკის გარდა, იტალიური Prada ასტრონავტებსაც ჩააცმევს.
როგორც კომპანიები ამბობენ, უახლესი კოსმოსური სკაფანდრი მთვარის სამხრეთ პოლუსზე არსებულ რთულ მეთეოროლოგიურ პირობებთან გასამკლავებლად შეიქმნა. Prada-მ სკაფანდრის გარეთა შრეზე იმუშავა, რა დროსაც პროცესში ჭკვიანი მასალების და კერვის უახლესი ტექნიკის კუთხით არსებული ნოუჰაუ გამოიყენა და სკაფანდრი, რომლის პირველადი დანიშნულება, ასტრონავტის გარეთა სამყაროსგან დაცვაა, მოდურ ტანისამოსად აქცია, რათა კოსმოსის აღმოჩენა მომავალი თაობებისთვის მიმზიდველ პროცესად ექცია.
ასტრონავტის სკაფანდრი, რასაკვირველია, ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური უნიფორმაა, რომელიც ადამიანს ოდესმე ჩაუცვამს, რადგან მისი დანიშნულება ადამიანის კოსმოსისგან დაცვაა. შესაბამისად, Axiom Space-ის უახლესი სკაფანდრი ტექნოლოგიურად დახუნძლულიცაა. სკანფადრი შედგება, როგორც კოსტიუმისგან, ასევე განათებით, HD-გარჩევადობის მქონე კამერისა და 4G/LTE-ინტერნეტის მიმღების მქონე ჩაფხუტისგან. ხელთათმანები ყველა ასტრონავტისთვის ინდივიდუალურად შეიკერება, ხოლო ფეხსაცმელი სპეციალურად მთვარის ზედაპირისთვის არის შექმნილი.
იტალიური მოდის სახლის გემოვნებით შექმნილ კოსმოსურ სკაფანდრი, მზის შუქს, ჯერჯერობით, ვერ იხილავს, რადგან Artemis III-ის მისია, რომლის ფარგლებში ამერიკელები მთვარეზე დაბრუნებას გეგმავენ, 2026 წლისთვის არის დაგეგმილი და გამორიცხული არ არის, ამ თარიღმა კიდევ ერთხელ გადაიწიოს. კონკრეტული ასტრონავტების ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ, როგორც NASA-ში ამბობენ, Artemis III-ის ეკიპაჟის წევრებს შორის ქალს და შავკანიან ადამიანს ვიხილავთ, რაც ამ დრომდე მთვარესთან მიმართებით არასდროს მომხდარა. ამ მისიით აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს ახალი ტექნოლოგიების გატესტვა და მთვარის კოლონიზაციის პროცესის დაჩქარება სურს.