მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიალური სეგმენტის გააქტიურება და რუსეთის წილის შემცირება - რამ გამოიწვია ღვინის საექსპორტო ფასის ზრდა?

ღვინო

ღვინის კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასის ზრდა ორი ძირითადი ფაქტორითაა გამოწვეული - პრემიალური სეგმენტის გაფართოებით და მთლიან ექსპორტში რუსეთის წილის შემცირებით.

საქმე ისაა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წელს ქართული ღვინის საექსპორტო ფასი გაიზარდა. კერძოდ, 2025 წელს ქართული ღვინის 1 ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი 2.98 აშშ დოლარი იყო. 2024 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი 2.91 აშშ დოლარს შეადგენდა.

როგორც BMG-სთან ღვინის კომპანია „ფაფრის ველის“ დამფუძნებელმა განაცხადა, მათ შემთხვევაში გასულ წელს პრემიალური სეგმენტის ღვინის ექსპორტი გაიზარდა, რამაც საშუალო საექსპორტო ფასიც გაზარდა. ამასთან, შალვა ქურდაძის შეფასებით, მეორე მხრივ, საექსპორტო ფასის ზრდა გასულ წელს ქართული ღვინის ექსპორტში ისეთი იაფიანი ბაზრის წილის შემცირებას უკავშირდება, როგორიც რუსეთია.

“[ღვინის ექსპორტის] მოცულობა წინა წელთან შედარებით ჩვენ საგრძნობლად არ გაგვზრდია, მაგრამ საექსპორტო ფასი და თვითონ შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში ეს იმან გამოიწვია, რომ 2023 წელს

საკოლექციო ღვინოების ხაზი გამოვუშვით, ე.წ. Sellers Collection, რომელიც შეზღუდული რაოდენობით არის. ამავდროულად, მსგავსი ღვინოები დიდი რაოდენობით არ გამოდის. ამან საშუალება მოგვცა, რომ სუპერპრემიალურ სეგმენტში გადავსულიყავით. მათ შორის შეერთებულ შტატებში გავიტანეთ მსგავსი საკოლექციო ღვინოები, ასევე პოლონეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. ამან საშუალება მოგვცა, რომ საშუალო საექსპორტო ფასი აგვეწია ჩვენი ღვინისთვის. მომავალში, ალბათ ამ მიმართულებას განვავითარებთ. ასევე დაგვემატა ისეთი შორეული ქვეყნები, როგორიც არის მაგალითად, პარაგვაი, მექსიკა, რაც ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო. დაახლოებით 20-25%-ის ფარგლებში გაგვეზარდა ღირებულება იმის ხარჯზე, რომ ზუსტად ეს საკოლექციო ღვინოები ექსპორტზე წარმატებით გავიდა,

ზოგადად, გლობალურ ციფრებს თუ შევეხებით, მე მიჭირს იმის თქმა, რამ გამოიწვია ეს ცვლილება. სავარაუდოდ, იმან, რომ რუსეთში გადატვირთვებმა მოიკლო გასაგები მიზეზების გამო. ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, ამ წელსაც შენარჩუნდება და შეიძლება უფრო მკვეთრი ხასიათი მიიღოს. ჩვენთვის უკეთესი იქნება, რომ ქართულმა ღვინომ მეტი ორიენტირი აიღოს დასავლურ ბაზრებზე. დასავლური ბაზრების წილის ზრდამ გამოიწვია, სავარაუდოდ, [ექსპორტის საშუალო ფასის] ზრდა”, - განაცხადა შალვა ქურდაძემ.

ცნობისთვის, 2025 წლის 11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი შემცირდა. იანვარ-ნოემბერში საქართველოს ნატურალური ღვინის ექსპორტმა $244.8 მილიონი და 82 363 154 ლიტრი შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ($262.4 მილიონი, 90 352 136 ლიტრი), ეს მაჩვენებელი ფინანსურად 6.6%-ით, ხოლო მოცულობით 8.8%-ით ნაკლებია.

ღვინის ექსპორტის კლება რუსეთში შემცირებულ გაყიდვებს უკავშირდება. კერძოდ, შარშან 11 თვეში საქართველოდან რუსეთში 156 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წლიურად 11.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები