მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს?

644c08c59bde7
BM.GE
28.04.23 22:00
634
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს საფრანგეთის ძლიერ და ქმედით მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მიმართულებით გაწეულ უდიდეს ძალისხმევას. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა და ამ მიმართულებით აღინიშნა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების ხელშეწყობას, ასევე კონსტრუქციული როლის შესრულებას, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით. აღინიშნა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოსთვის მიმდინარე წელს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, კონტინენტური ევროპის დირექტორი ფრედერიკ მონდოლონი, მინისტრის კაბინეტის მრჩეველი ადრიენ ფრიერი, ელჩი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ბრის როკფეი და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რიშარ რეკენა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები