2024 წელს საქართველო იაპონიაში ღვინის იმპორტიორ TOP-15 ქვეყანას შორისაა.
ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) ცნობით, გასულ წელს საქართველოდან იაპონიაში 1.15 მლნ დოლარის 150 ათასი ლიტრი ღვინო გავიდა. იმპორტისას 1 ლიტრის საშუალო ფასი 7.46 დოლარი იყო. ამ მაჩვენებლით საქართველო იაპონიის ბაზარზე მე-15 პოზიციას იკავებს.
იაპონიაში ღვინის მთავარი იმპორტიორი საფრანგეთია 943 მლნ დოლარით, რაც მთლიანი იმპორტის 57%-ს შეადგენდა. 1 ლიტრი ფრანგული ღვინის ფასი 17.98 დოლარი იყო. ამავე სტატისტიკით მეორე ადგილზეა იტალია - 212.2 მლნ დოლარით. 1 ლიტრი იტალიური ღვინის ფასი 4.86 დოლარია, სამეულში შედის ჩილე, საიდანაც იაპონიამ 143.3 მლნ დოლარის ღვინო იყიდა, 1 ლიტრი საშუალოდ 2.28 დოლარად.
სულ 2024 წელს იაპონიამ 1.644 მლრდ დოლარის ღვინო იყიდა, 239.9 მლნ ლიტრი.