პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ბევრ ბიზნესმენს ხვდება, როგორც უცხოელებს, ასევე ქართველებს. ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა ასევე თქვა, რომ საქართველოში “ომის ნაცვლად შენება იქნება”.
“რაღაც სკანდალია, რომ ვიღაც ბიზნესმენი ჩამოვიდა, მერე რა, რომ ჩამოვიდა?! გეტყვით, რომ ძალიან ბევრს ბიზნესმენს ვხვდები, ქართველ ბიზნესმენებს, უცხოელ ინვესტორებს, რადგან მინდა, ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს. ჩვენი მთავარი გამოწვევა სიღარიბეა. სწორედ ჩვენი პოლიტიკის შედეგია ის, რომ მარტში 10.1%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, პირველ კვარტალში გვექნება 14%-იანი ეკონომიკური ზრდა. მინდა, კიდევ ერთხელ თქვენ და “ომის პარტიას [იგულისხმება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა], მოღალატეების, გამყიდველების პარტიას და მათ პარტნიორებს ვუთხრა, რომ ომის ნაცვლად საქართველოში დიდ შენებას მიიღებენ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამას გარდა, ჟურნალისტის დაინტერესდა - რატომ ინარჩუნებს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი რუსეთში აქტივებს, რაზეც დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევაშიც იყო საუბარი. ღარიბაშვილი საპასუხოდ ამბობს, რომ მას რომ არ მოეშორებინა “ანტისახელმწიფოებრივი ძალა”, დღეს საქართველოში “მეორე მარიუპოლი” იქნებოდა. "ამას აგარიდათ ბიძინა ივანიშვილმა”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამას გარდა, პრემიერმა თქვა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში აღარ არის: “ბიძინა ივანიშვილმა რაც ქვეყანას გაუკეთა, ვისურვებდი ყველა ქართველმა თუ არა ყოველმა მე-10 ქართველმა ეს შეძლოს. ის რაც ერთმა კაცმა გააკეთა."
დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების რუსული ბიზნესების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად ივანიშვილის განცხადებისა, რომ ბიზნეს ურთიერთობა აღარ აქვს რუსეთთან, მასთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიები და მისი ნათესავები კვლავ ინარჩუნებენ კავშირებს მეზობელ სახელმწიფოსთან.
ვრცლად ამ თემაზე: ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების რუსული ბიზნესები - TI-ის კვლევა




























