საქართველოს პრემიერ-მინისტრი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეს ეხმაურება, რომელშიც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მთავარი მოქმედი პირი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
„კეზერაშვილი საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენებული, რაც არის კატასტროფა“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ სწორედ „ევროპელი პენსიონერებისთვის“ მოპარული ფულით ფინანსდებიან ოპოზიციური პარტიები.
„მინდა გამოვეხმაურო საერთაშორისო ტრანსნაციონალურ დანაშაულს - ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეს, რომელიც იყო გამოძიებული და გახსნილი. საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მიერ არნახული მასშტაბის თაღლითური სქემის განხორციელებას, რომლის შედეგად 1 მლრდ დოლარი იქნა მოპარული ევროპის ქვეყნებში. ბოლო ერთი წელია მუდმივად ისმოდა ბრალდებები რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან, რომელიც თავად ფინანსდებოდა ამ ნაძარცვი ფულით, ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია.
ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა გერმანიის საგამოძიებო სამსხურთან და ჩვენი მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში. გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბატონი კეზერაშვილი საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც, რა თქმა უნდა, კატასტროფულია და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პიროვნება, რომელმაც მანამდე ჯერ ჯარი გაძარცვა, შემდეგ ბიზნესს რა დღეში აგდებდა, ახლა უკვე მთელი ევროპის მასშტაბით არნახული თაღლითური სქემა შეიმუშავა და გაძარცვეს პენსიონერები, მილიარდი დოლარის ზარალი იყო მიყენებული. ასე რომ, როდესაც ჩვენი ე.წ. რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ევროპელ პარტნიორებს, მინდა ევროპელ მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველების მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს. ეს სამარცხვინო ფაქტია, მაგრამ მიხარია, რომ ეს სიმართლე გაირკვა. გახსოვთ შარშან აბრალებდნენ რომ თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები და ახლა BBC-მ გამოავლინა და მთელ საზოგადოებას ეცნობა. ნაცვლად იმის, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ დესტრუქციულ ქმედებებში ყოველდღიურად, მათ ყოველდღიურად ბოდიში უნდა მოიხადონ როგორც ჩვენი საზოგადოების წინაშე, ასევე ევროპული საზოგადოების წინაშე და მისცენ ახსნა - განმარტებებით, რატომ ფინანსდება ყველა ოპოზიციური პარტია, მათი ტელევიზიები ევროპელი პენსიონერების მოპარული ფულით.
საგამოძიებო სამსახურებს მინდა მადლობა გადავუხადო ამ რთული სქემის გამოძიების საქმეში. იმედი მაქვს ყველა ის დამნაშავე ვინც ჩართული იყო ამ თაღლითურ სქემაში პასუხისგებაში იქნება მიცემული“, - განაცხადა მინისტრმა.
დავით კეზერაშვილი "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე უარს ამბობს