მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი "სუბსიდირებული იპოთეკის" პროგრამის გაფართოებას გეგმავს

649e956fd1728
გიგა ბენია
30.06.23 12:46
1126
საქართველოს მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გაფართოებას გეგმავს. აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გააკეთა. პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად, რა ცვლილების შეტანას აპირებს მთავრობა პროგრამაში.

„ორი წლის წინ ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არის სუბსიდირებული იპოთეკური სესხები. პროგრამით სარგებლობას შეძლებს ოჯახი, თუ სესხის აღების მომენტში მას ჰყავს 1 წლამდე ასაკის შვილი. ამ პროგრამის მოდიფიცირებაა დაგეგმილი. გვინდა, გავაფართოოთ და უფრო მეტ ოჯახს დავეხმაროთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამით დღემდე 4700-მა ოჯახმა ისარგებლა, რომელზეც 500 მილიონ ლარზე მეტი სესხი გაიცა.

„დღეს ამ პროგრამის ფარგლებში ჩართული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 4700-სს. ბენეფიციარებს ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი სესხი დაუმტკიცდა და ჩვენ დავუსუბსიდირეთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

BMG შეეცდება გაარკვიოს, რა ცვლილებას გეგმავს მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, 2021 წელს იპოთეკური სესხების სუბსიდირების განახლებული პროგრამა ამოქმედდა - კერძოდ, 2021 წლის 1-ელი სექტემბრიდან დაბადებული ბავშვების მშობლებს ახალ იპოთეკურ სესხებზე სახელმწიფოსგან თანადაფინანსების სუბსიდიის მოთხოვნა შეუძლიათ. პროგრამა ახლადაბადებულ ბავშვებთან ერთად, მრავალშვილიანი ოჯახებისთვისაც (3+) ითვალისწინებს იპოთეკის სუბსიდირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები