ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და პარამეტრები, ძირითადად და ტრადიციულად, 2012 წელს შეადარა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყნის ეკონომიკა ბოლო ორ წელში 10%-ზე მეტით გაიზარდა. რაც შეეხება ფასებს. ღარიბაშვილის თქმით, ინფლაციის სრული კონტროლი მოხერხდა და წნეხი მოხსნილია. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო 11 წელიწადში სიღარიბე თითქმის განახევრებულია, ქვეყანა და მოსახლეობა კი მდიდრდება. ამის მაგალითად მან საფინანსო სექტორის აქტივები მოიყვანა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2012 წლის დეკემბერში კომერციულ ბანკების მთლიანი აქტივები 14 მილიარდ 4 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს სექტემბერში კი მათი აქტივები 75 მილიარდი ლარი იყო.