მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის განცხადებით, ნამახვანი, ნენსკრა და ხუდონი არა კერძო ინვესტორმა, არამედ სახელმწიფომ უნდა ააშენოს

626d0d7ba3fdc
შოთა ტყეშელაშვილი
30.04.22 14:06
7482
"მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები - ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის იყოს და ჩვენი სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების,"- განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, ამ პოზიციას იზიარებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი და რამდენიმე კვირაში საზოგადოებას შესაბამის სტრატეგიასაც გააცნობენ. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შედარებით მცირე ენერგო-პროექტებში ინვესტორების ჩართულობას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს რომ მსხვილი ჰესები მხოლოდ სახელმწიფომ უნდა ააშენოს და სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს. 

"იცით რომ მე გამოვხატე გარკვეული კითხვის ნიშნები, რაც არსებობდა ნამახვანჰესთან დაკავშირებით.

ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყოფილ ინვესტორთან [ENKA] და ამის შედეგებს ძალიან მალე გაცნობებთ. ჩვენ განვიხილავთ, რომ ასეთი ტიპის, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი დიდი პროექტები უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ. ამის რესურსები აქვს სახელმწიფოს, მე უკვე მაქვს დავალება მიცემული ეკონომიკის მინისტრისთვის, მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით, ჩვენ ამ გეგმას რამდენიმე კვირაში წარმოვადგენთ. თუ ენერგეტიკა არ განვავითარეთ და ჰესები არ ავაშენეთ ძალიან რთული იქნება საერთოდ ენერგოუსაფრთხოებაზე და ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბარი და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაც.

წლიდან წლამდე უფრო მეტ ელექტროენერგიას ვყიდულობთ, შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ეს რა თქმა უნდა პრობლემაა.

მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები - ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის იყოს და ჩვენი სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების. მე რა თქმა უნდა კერძო ინვესტორებს მაქსიმალურად ხელს შევუწყობ, მაგრამ ასეთი ტიპის - როგორიცაა ენგურჰესი, წარმოგიდგენიათ ენგურჰესი რომ არ იყოს რამხელა პრობლემა იქნებოდა ჩვენი ენერგოსისტემისთვის მთლიანად? ესაა ჩემი პოზიცია და ამას იზიარებს ჩვენი ეკონომიკური გუნდიც. ვმუშაობთ და ძალიან მალე ჩვენ ხედვას წარმოვადგენთ როგორ განვავითაროთ ენერგეტიკა,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ პრემიერის მიერ დასახელებულ სამივე პროექტს ინვესტორი ჰყავდა და ჰყავს. ნამახვანჰესის ინვესტორმა - ENKA-მ გასულ წელს შექმნილი ფორსმაჟორის და სახელმწიფოს მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო საინვესტიციო შეთანხმება ცალმხირვად მოშალა. ნენსკრაჰესს ჰყავს კერძო ინვესტორი K Water-ის სახით, პროექტში ასევე აქციონერის სახით "საპარტნიორო ფონდიც" არის ჩართული, თუმცა უკვე წლებია პროექტის განვითარება თითქმის გაყინულია. ასევე მისი დაფინანსების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ აქვთ მიღებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს.

“K water-თან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ხელშეკრულების ცვლილებასთან დაკავშირებით. გარკვეული მიზეზების გამო, ის ვადები მშენებლობის სრულმასშტაბიან დაწყებასთან დაკავშირებით დაირღვა, კომპანიამ ვერ შეძლო პროექტის ფინანსური შეკვრა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით,"- 2021 წლის დეკემბერში განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა.

ხუდონჰესის ინვესტორი Transelectrika კი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, და ინვესტორს გასული წლების განმავლობაში პროექტის განვითარება არ დაუწყია.

ამ სამი ჰესიდან რეალურ მშენებლობის ფაზაზე მხოლოდ ნამახვანჰესი იმყოფებოდა.

უცნობია რა სახით გეგმავს სახელმწიფო ამ ჰესების მშენებლობისთვის კაპიტალის მოზიდვას. 2020 წელს პანდემიის გამო, საქართველოს საგარეო ვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც ამჟამად ქვეყანას დიდი ზომის ახალი საგარეო ვალების აღება გარკვეული წლების განმავლობაში აღარ შეეძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები