მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის განცხადებით, ფოსტა ბიუჯეტს ₾20-მილიონიან დავალიანებას დაუბრუნებს

მარიამ ქვრივიშვილი

„საქართველოს ფოსტის“ ფინანსური მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად ფუნდამენტური ნაბიჯები გადაიდგა, წლის ბოლოს ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, „საქართველოს ფოსტას“ დარჩენილი ჰქონდა 20 მლნ ლარის დავალიანება, რასაც გაისტუმრებს, წლიურ მოგებაზე გავა და დარჩება, როგორც მოგებიანი კომპანია.

„გამოძიება ჩემი საქმე არ არის, ჩემი საქმეა ყურადღების მიქცევა იმაზე, რომ „საქართველოს ფოსტამ“ გაიუმჯობესოს ფინანსური მაჩვენებლები და ამ კუთხით ფუნდამენტური ნაბიჯები გადაიდგა. წლის ბოლოს ჩვენ გვექნება ფუნდამენტური ცვლილება. თუ 20 მლნ ლარის დავალიანება ჰქონდა დარჩენილი „საქართველოს ფოსტას“, ამ დავალიანებას გაისტუმრებს, გავა წლიურ მოგებაზე და დარჩება, როგორც მოგებიანი კომპანია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილება“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ფოსტის 2025 წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშში არ არის მითითება იმის შესახებ რომ კომპანიას ბიუჯეტის მიმართ ფინანსური ვალდებულებები გააჩნდა. BMG შეეცდება გაარკვიოს თუ რა ვალთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება დღეს პრემიერმა და როდის მოხდა სახელმწიფო შპს-ს მიერ მისი დაგროვება.

ოქტომბერში BMG-ის განუცხადეს, რომ საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა. "გამოძიება მიმდინარეობს" - მხოლოდ ეს ერთი წინადადება უთხრეს BMG-ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და არც გამოძიების დაწყების დრო დაასახელეს. უწყებაში უპასუხოდ დატოვეს BMG-ის კითხვები, კონკრეტულად რას და რა პერიოდს შეეხება გამოძიება; ასევე, საქმეში ფიგურირებს თუ არა "საქართველოს ფოსტის" ყოფილი დირექტორი ლევან ჩიკვაიძე. "[საქართველოს ფოსტაში] შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო" - განაცხადა 7 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, როდესაც სახელმწიფო კომპანიის მიმდინარე მენეჯმენტის საქმიანობა დადებითად შეაფასა და იქვე დასძინა: "შუამავალ კომპანიებში გატანილი იყო მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები