მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრემიერის ინიციატივით სხვა იდეაა არჩეული" - მთავრობას "რესპუბლიკურის" რეაბილიტაცია შეუძლებლად აღარ მიაჩნია

საავადმყოფო

“ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ ალტერნატივები და საკითხის გადაწყვეტის ყველაზე ოპტიმალური ვერსია შევარჩიოთ”,- ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ BMG-ის კითხვას რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის შესახებ.

საქმე ისაა, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების ახალი კონცეფციის პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებშიც არსებული ძირითადი შენობების რეაბილიტაცია იგეგმება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შენობა არარენტაბელურად გამოაცხადა და მისი დემონტაჟი დააანონსა, რასაც კლინიკის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ჩატარდა 5 სხვადასხვა ექსპერტული კვლევა, მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული რთული ვითარება წარმოაჩინა.

BMG დაინტერესდა, რის საფუძველზე შეიცვალა გადაწყვეტილება, რაზეც სარჯველაძე ამბობს, რომ პრემიერის ინიციატივით სხვა კონცეფციაა არჩეული და თავად ამ მიდგომას უფრო მართებულად მიიჩნევს.

„შესაძლოა არსებობდეს შეხედულება და ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შეიძლება უკეთესი იყოს აქ სრულიად ახალი შენობის აღმართვა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სხვა იდეა, სხვა კონცეფციაა არჩეული. მე მგონია, რომ უფრო მართებული სწორედ ამ შენობის შენარჩუნება და შემდგომი განვითარებაა.

იმ ხანად, როდესაც მომზადდა ის გეგმა, რომელიც იყო თავდაპირველად, დღეისთვის ამაზე საუბარი არ არის, არსებული კომპლექტი პრაქტიკულად მთლიანად შენარჩუნებული იქნება, ისეთი სამომავლო სერვისებისთვის, რომელთა ამ არსებულ ინფრასტრუქტურაში განვითარება შეუძლებელია, ამისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი კორპუსი, რომელიც ამავე ტერიტორიაზე აშენდება. არსებულ შენობას რაც შეეხება, ყველა არა, მაგრამ სამედიცინო სერვისების ძირითადი ნაწილი თავისუფლად განხორციელებადია. ეს რეაბილიტირებადია, ავარიულობისა და შენობის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით რაიმე საფრთხე რეალურად, ობიექტურად არ არსებობს, მინდა დაგარწმუნოთ უკლებლივ ყველა და არ არსებობს დასკვნა, რომელიც გამოაცხადებს, რომ შეუძლებელია ამ შენობის მეშვეობით სამედიცინო სერვისების მიწოდება.

დასკვნები არსებობდა მათ შორის ფასადის ავარიულობასთან დაკავშირებით, დღეს ეს პრობლემა უკვე გადაჭრილია. იყო სხვადასხვა ფრაგმენტებზე და ელემენტებზე საუბარი და არა მთლიანად შენობის მდგრადობაზე”,- ამბობს მინისტრი.

მისივე განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს აკრედიტაციის პროცესი დაწყებული არ არის, ვინაიდან ვიდრე პროექტის კონცეფციის წარდგენა არ მოხდებოდა, აკრედიტაციის დაწყებაზე საუბარი რთული იქნებოდა.

“უახლოეს დღეებში ამ დაწესებულებაში რამდენიმე მიმართულება გაიხსნება. მათ შორის, სტაციონარი, ქირურგია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ა.შ. შენობის ის ნაწილი, სადაც ეს სერვისები იქნება განთავსებული და რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, გააგრძელებს მუშაობას, ამბულატორიული მიმართულებით გაგრძელდება და სხვადასხვა მიმართულებით. აკრედიტაციას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით სამომავლოდ ვიმუშავებთ”, - ამბობს მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები