მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის თქმით, მაისის ბოლოს წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციო აუქციონზე გამოიტანენ

628900a896687
თამთა ჯიჯავაძე
21.05.22 19:05
844
პრემიერის თქმით, მაისის ბოლოს წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციო აუქციონზე გამოიტანენ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მშენებლობები მალე დაიწყება.

„წყალტუბოში ბევრი პროექტი დაწყებულია. თვის ბოლოს ყველა ის სასტუმრო გამოგვაქვს ტენდერზე, რომელიც ადრე, წინა მთავრობის დროს იყო გაპარტახებული. ჩემი გადაწყვეტილებით, წყალტუბოს წყალს ჩვენ დავიბრუნებთ დეკემბრის ბოლოს. წყალტუბოს მთავარი სიძლიერე იყო წყალტუბოს წყალი, რომელიც იყო კერძო საკუთრებაში, ეს დავიბრუნეთ, 8 მლნ დოლარი გადავიხადეთ, რომელიც რეალურად უფრო მეტი - 16-17 მლნ დოლარი ღირდა. ახლა ძალიან მარტივად შევლენ იქ ინვესტორები, გვაქვს გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა და სასტუმროებს აუქციონზე გამოვიტანთ. ძალიან მალე დაიწყება მშენებლობები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, BM.ge-ის მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის წყალტუბოში სულ გასხვისებულია 7 სანატორიუმი, ხოლო გასაყიდია - 15.

აღსანიშნია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2019 წელს წყალტუბოს აღორძინება დაანონსა და განაცხადა, რომ მზად იყო, ყველა სასტუმრო და სანატორიუმი გამოესყიდა, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არცერთი აქტივი არ გაუყიდია; უფრო პირიქით მოხდა - 2021 წლის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ მილიონერ თამაზ სომხიშვილთან დაკავშირებული სს „ბალნეოსერვისისგან“ 8 მლნ დოლარად გამოისყიდა 6 აბანო და უძრავ-მოძრავი ქონება. აქტივების მფლობელი დღეს სახელმწიფო კომპანია „წყალტუბოს თერმული წყლებია“.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და გასხვისებული სანატორიუმები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები