„ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორი, ბექა ბექაია აცხადებს, რომ პრემიერთან შეხვედრაზე ელის გამოსავალს, თუ როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია და რა უნდა ეშველოს ბიზნესსა და ქვეყანას. ამის შესახებ მან ირაკლი კობახიძესა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ბიზნესი რთულ მდგომარეობაშია და გარკვეული სექტორები პრობლემის ქვეშ არიან.
„პრემიერისგან დაველოდებით პასუხს, რა შეიძლება შეიცვალოს ქვეყანაში. როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია, როგორ უნდა შემცირდეს პოლარიზაცია, ბიზნესს, ქვეყანას რა შეიძლება ეშველოს.
რა თქმა უნდა, [ბიზნესი] რთულ მდგომარეობაშია. გარკვეული სექტორები დღესაც არიან პრობლემის ქვეშ. ქვეყანაში ტურისტი აღარ ჩამოდის, სტუმარმასპინძლობის სექტორი რთულ მდგომარეობაშია, ასევე გარკვეული სექტორები... და პერსპექტივა არ ჩანს. ვფიქრობ, მთავარია მოხდეს დეესკალაცია. დეპოლარიზაცია, რადგან ასე შეუძლებელია ცხოვრება. შეიძლება არჩევნები იყოს ამის ერთ-ერთი გამოსავალი. დაველოდებით რას იტყვის პრემიერი“,- ამბობს ბექაია.